მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიკკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ქვეყანას
როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და, რეალურად, წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიკკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მდნარაძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ხდება ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რათა ტყუილები დააჯერონ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
„წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი მილიონ დოლარს შეადგენდა, იმის იქით სტატიებიც ჰქონდათ, ისტერიაც ვნახეთ, მათ შორის სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია, რომ პრეზიდენტს კლავენ. ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაში, თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა, რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს, ჩვენ მათ მოვიხსენიებთ ხოლმე გლობალურ ომის პარტიად და ასე შემდეგ, სტრასბურგში გავლენები არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით და, რეალურად, წერტილი დაესვა წელიწადნახევრიან ფეიკკამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს ჩვენს ქვეყანას. ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას. ეს არის სამწუხარო, ეს არის ის, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ მეტ-ნაკლებად ამისი გაკეთება შეიძლება, რადგან სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა. ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ თქვა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალსახა ტყუილი იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.