მამუკა მდინარაძე - წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, ახლა კი, ტყუილი
წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი თუ იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენელმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მინდა, ვიდრე ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება, რათა ის გამოჯანმრთელდეს, რაც შეიძლება მალე და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იცრუა, როცა თქვა, რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ „ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამორალური განცხადებებისგან, რადგან ტყუილს აქვს მოკლე ფეხები.
„ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა მელიას ინფორმაციით, ონის საავადმყოფოში დაშავებულის გაფორმება უნდოდათ ისე, თითქოს ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. მისივე თქმით, ნოდარ ბურდილაძე საავადმყოფოში საკუთარი ფეხით იმიტომ მივიდა, რომ საპატრულო პოლიცია ადგილზე დროულად არ გამოცხადდა. მელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ონის მერთან მოლაპარაკების მიუხედავად, ნოდარ ბურდილაძის გაფორმება ვერ მოხერხდა ისე, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, იგი თერჯოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს.