მამუკა მდინარაძე - ნინო ლომჯარია არა სახალხო დამცველად, არამედ „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, როგორც ჩანს, ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია
ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, არა სახალხო დამცველად, არამედ „ნაცების“ სახალხოდ დამცველად გადაიქცა, როგორც ჩანს, ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებდა, ახლა მისგან შეწყალებას ითხოვს.
„რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი, უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს, ამას თქვენ და მე ვინ გვეკითხება. მართლა ცუდია ჩემი მხრიდან ამის თქმა და ცოტა მძიმეც არის, ჩვენი არჩეულია და კიდევ ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა, ეს ადამიანი თავს ზემოთ ძალას იპოვის და რაღაცნაირად შეეცდება ნეიტრალური იყოს. ამ ადამიანმა ეს ვერ ანახა და ეს არის მიზეზი. არ შეიძლება, შეწყალების მოლოდინზე მე ვილაპარაკო. წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა ეს მეორე საკითხია, ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ელოდება შეწყალებას, ეს მთლად ლოგიკური არ მგონია, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა გავიხსენოთ ადამიანები, ვინც არა შვიდი მილიონისთვის, არამედ რამდენიმე ათასი თუ ათეული ათასი ლარისთვის და მსგავსი ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.