მამუკა მდინარაძე - ვვარაუდობ, რომ ჩანაწერი მაღალი ალბათობით არის რეალური, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, ის სუს-ს საზოგადოების წინაშე გამოეტანა
მამუკა მდინარაძე - ვვარაუდობ, რომ ჩანაწერი მაღალი ალბათობით არის რეალური, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, ის სუს-ს საზოგადოების წინაშე გამოეტანა

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის დაკავების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკოსის საქმე, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე და შესაბამისი მტკიცებულებების მოგროვების და პროცესუალური მოქმედებების გადაწყვეტის შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სამართალდამცავმა ორგანომ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო დაკავებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სუს-ის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

„როგორც იურისტმა შემიძლია გიპასუხოთ, რომ მომზადებამდე, განზრახვისთანავე ​ თუ აღიკვეთა კონკრეტული დანაშაული, მაშინ სხვა მოცემულობა გვაქვს. დანაშაული თუ შედგა, ამას მტკიცებულებების მოგროვება და შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მას შემდეგ სამსჯელო, რაც მტკიცებულებების მოგროვების ეტაპი დასრულდება და შესაბამისი სამართლებრივი ანალიზი გაკეთდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე „შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სახელმწიფომ სერიოზული დანაშაული აიცილა თავიდან”.

„სახელმწიფომ და ამ შემთხვევაში კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიცილა თავიდან ძალიან სერიოზული დანაშაული. როდესაც დადასტურდება იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, კიდევ უფრო მყარად ვიტყვი, რომ გადარჩა არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ იქ შეიძლება ყოფილიყვნენ ქალები ბავშვები და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზულ დანაშაულს ასცდა ჩვენი ქვეყანა. ამ თემაზე პოლიტიკოსებმა ალბათ საერთო აზრი უნდა გამოიტანონ, რადგან ტერორიზმი ერთ-ერთ ნომერ პირველ საფრთხედ არის მსოფლიოში მიჩნეული და სამწუხაროდ, საქარველოში რიგი პოლიტიკოსები ამას იყენებენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ჩვენი პოზიციების მიუხედავად უნდა შევჯერდეთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით და სახელმწიფოებრივი მიდგომით ვილაპარაკოთ მსგავს თემებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ჩანაწერი მაღალი ალბათობით არის რეალური, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, ის სუს-ს საზოგადოების წინაშე გამოეტანა.

„ვვარაუდობ, რომ ეს ჩანაწერი მაღალი ალბათობით არის რეალური, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, ვინმეს მოეფიქრებინა, ეს ჩანაწერი გამოსულიყო მედიასთან, საზოგადოების წინაშე. ვფიქრობ, ამაზე იქნება დანიშნული ექსპერტიზა და ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის შემდეგ კიდევ მეტად მოეფინება ნათელი”, – განაცხადა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გაკეთდა განცხადება, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.