მამუკა მდინარაძე - ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, ამაზე დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას არქმევენ რუსულ საქმეს, ამას არ დავუშვებთ
ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, ამაზე დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა. ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას არქმევენ რუსულ საქმეს, ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიდი ილიას სიტყვები – „მამული, ენა და სარწმუნოება“ ეს არის ტრიადა, ქვაკუთხედი ქართველის დამოკიდებულებისა საკუთარი სამშობლოს და მისი განცდის წინაშე, როდესაც ცდილობენ, აქ რაღაცები შეგვიცვალონ, ამას ქართველი კაცი და ქართველი ქალი არ დაუშვებს არასდროს. როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც დგას ჭეშმარიტი ქრისტიანული ევროპა, ამ დროს ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ თქვენთვის ყველაფერი დეტალურად იყოს ცნობილი, არქმევენ რუსულ საქმეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ის, რაც შეიძლება ჩვენზე დიდი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი ამაყი ხასიათი და რომელმაც ამ დღემდე მოიტანა ქართული ენა, მოიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება და სარწმუნოებამ მოიტანა ქართული იდენტობა, რომელიც არასდროს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს.
ჩვენ ამ რწმენით, ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ კანონების წერასაც, მის მიღებასაც და დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა იქნება ამაში გადამწყვეტი, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.