მამუკა მდინარაძე - ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არცერთი პუნქტი არ დაემატება, ეს არ მოხდება
ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არცერთი პუნქტი არ დაემატება, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხოლოდ სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე.
„სამწუხაროდ, არის ინფორმაციები, ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ხელის მოთბობა გადაწყვიტა. ეს შეიძლება ნახევრად სკანდალური, ძალიან უცნაური, ბრალდების შემცველი ინფორმაცია იყოს, მაგრამ ასეა და ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ასეა. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა ბოროტ თაღლითობაში. ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის შესახებ დაპირებით სარგებლობენ და ამას ატყუებენ ვიღაცებს. ასევე, მინდა მივმართო „გირჩის“ წარმომადგენლებს, ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით შეგვევაჭრებით, პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართება და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ. სამწუხაროდ, ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. შეიძლება, თქვენი ბრალი ნამდვილად არ არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცები საუბრობენ კიდეც ამას. ყველას ვაფრთხილებ, ამ თემაზე ასე ნუ ისაუბრებენ. არავითარ შემთხვევაში არ იქნება ამნისტიის საკითხი რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და, მით უმეტეს, სხვა სახის ვაჭრობის. ყველას ვაფრთხილებ, ვინმე ვინმეს თუ აქეზებს ან სურს, წააქეზოს პატიმარი, ან მისი ოჯახის წევრი, გამოთქვას რაღაც უკიდურესი პროტესტი – თუ არ შეეხება, სწორედ ამ შემთხვევაში არ შეეხება. ერთადერთი საფუძველი, რის გამოც შეიძლება რაიმე მუხლს შეეხოს ცვლილება, შეიძლება იყოს სამართლებრივი, მორალური არგუმენტები.
მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა, საბოლოო ჯამში, შემცირდეს ერთი მესამედით, რათა ჩვენ არა გავუთანაბრდეთ, არამედ შანსი გაგვიჩნდეს, ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს. 1 000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად. საბოლოო ჯამში, ამნისტია, მუხლები, რომლებიც უკვე მითითებულია ამნისტიაში, ეხება 5 000-მდე პატიმარს. ვერ ვიტყვი, რომ უპრეცედენტოა, თუმცა არის ძალიან მასშტაბური. ნურავინ ითაღლითებს, თუკი რამე არ მოხდება, ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არცერთი პუნქტი არ დაემატება. სერიოზული კორექტივები არ იქნება, მაგრამ სხვადასხვა მუხლსა და პუნქტთან დაკავშირებით თუკი რაიმე ცვლილებები იქნება, მხოლოდ მყარი სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.