მამუკა მდინარაძე - ვიღაც-ვიღაცებმა შეძლეს და მოლდოველი ხალხის ნახევარს შეაძულეს ევროპა, ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაზე წარმოდგენები, უნდა ვთქვათ, რომ არ შეიძლება, სააკაშვილი, გვარამია იყოს ევროპა
ვიღაც-ვიღაცებმა შეძლეს და მოლდოველი ხალხის ზუსტად ნახევარს შეაძულეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა. ჩვენთანაც ასე მოხდება, თუ ჩვენ თვითონ ძალიან მაგრად არ დავდექით. ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და ჩვენ ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ევროპას და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ვინც რეალურად მიაღწია ხელშესახებ შედეგებს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მას მოიხსენიებენ ანტიევროპულ ძალად.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროპის სახელით როცა ელაპარაკებიან ტყუილებს მოსახლეობას, დგება ისეთი შედეგები, რაც მოლდოვაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა აჩვენა.
„ამას ვუფრთხილდებით ზუსტად ჩვენ. ჩვენ რომ წითელ ხაზებს არც ვუახლოვდებით, რათა იმიჯურად არ შეილახოს ევროპაზე წარმოდგენა, ამას არათუ გვიფასებენ, არამედ გვიტრიალებენ, თურმე ანტიევროპელები ჩვენ ვყოფილვართ და სიბნელეში, თავის ბოღმაში რომ იხრჩობიან, ასეთი წარსულის, ბეგრაუნდის მქონე ადამიანები ყოფილან მთავარი ევროპელები ამ ქვეყანაში. მოლდოვას ეს დაემართა, როგორ შეძლეს ვიღაც-ვიღაცებმა, არ ვაკონკრეტებ, რომ მოლდოველი ხალხის ზუსტად ნახევარს შეაძულეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპა. ჩვენთანაც ასე მოხდება, თუ ჩვენ თვითონ ძალიან მაგრად არ დავდექით. ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და ჩვენ ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ევროპას და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენებს. პირველი ადამიანები, ვინც ამას ვუფრთხილდებით, ყველაფრის მიუხედავად, ვართ ჩვენ. ეუბნებიან, რომ სააკაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და გახარია არის ევროპა და ეს ხალხი, ვინც რეალურად ზრუნავს დემოკრატიაზე, ქვეყანაზე, ეროვნულ ღირებულებებზე, არიან ანტიევროპელებიო. ბოლოს იფიქრებს ერთი ამომრჩეველი თუ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ის თუ ევროპაა, არ მინდა მასეთი ევროპაო. ღმერთმა არ ქნას, ეს დაგვემართოს. აი, ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ყველამ, ერთად, ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, ოპერატორმა, მოქალაქემ და ა.შ. შეგიძლიათ, დაასახელოთ ევროპისკენ გადადგმული ერთი რომელიმე ნაბიჯი იმ ხალხის, ვინც გუშინ აქცია დააორგანიზა? ვინმეს გახსენდებათ ერთი ნაბიჯი? გამახსენეთ ერთი ნაბიჯი, „ნაცმოძრაობამ“ რა გადადგა ევროპისკენ, შედეგებით ხომ უნდა ვიმსჯელოთ ყველამ ერთად. გუშინდელი აქციის ორგანიზატორების შედეგი არის დაკარგული ტერიტორიები, თავის ჯარზე დაბრალებული ომის დანაშაული, სიღარიბე და პიარის შედეგად აღქმა, თითქოს ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ცხრაჯერ გახსნილი თითო ობიექტი. ჩვენი შედეგი რა არის? ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და ამ ჩხუბის და ომის ფონზე, ამ ფეიქკამპანიების ფონზე კანდიდატის სტატუსი მივიღეთ მაინც ბრძოლით. ვინც ამ შედეგებს მიაღწია, ესენი ყოფილან ანტიევროპელები და თურმე ევროპა იმას უნდა, ვინც ხალხს კლავდა, აწამებდა, აუბედურებდა.
თედო, გუშინდელი დღიდან რომ დასცინიან, არის მაგალითი იმისა, როგორ ართმევდნენ ბავშვებს ცხოვრებას „ნაცები“. თედოს რომ წაართვეს ცხოვრება, ბავშვობა, ესენი არიან ევროპელები და თურმე ჩვენ რუსეთისკენ მივაქანებთ, ჩელიაბინსკში გაიღვიძებენ თურმე 27-ში, ისევე როგორც კანონის მიღების დღეს გაიღვიძეს ჩელიაბინსკში – ამ მარაზმს სთავაზობენ ადამიანებს. ერთი ხმა როგორ უნდა მოიპოვოს ასეთმა ხალხმა, ვინც ამას კადრებს თავის საზოგადოებას, წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ განსხვავებული აზრის გამო არავის ზედმეტად არ ვაკრიტიკებთ, უბრალოდ მართლა მიკვირს, ვინც ამას მოისმენს და ხმას აძლევს „ნაცმოძრაობას“, მის აგენტის აგენტებს, გვარამიას, ხაზარაძეს, გახარიას. მიკვირს იმ ადამიანის, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ამ ბნელ წარსულზე, მკვლელობებზე, გაუპატიურებებზე, ხალხის რეკეტსა და წართმეულ ბავშვობაზე.
რომ დავუბრუნდეთ იმ თემას, მოლდოვაშიც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეაძულეს ევროპა და ევროპელობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე წარმოდგენები. უნდა ვთქვათ, რომ ეს ხალხი არ არის ევროპა, არ შეიძლება, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. იყოს ევროპა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.