მამუკა მდინარაძე - ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ
კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც ასახულია ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ და ოპოზიციამ მოვახერხეთ შეთანხმება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებას საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიესალმა.
„იქნება 120/30-ზე და იქნება ასევე „ჩამკეტი“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 40 პროცენტიანი და უფრო დაბალი შედეგის მქონე პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ ამის პრობლემა არ აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს უკვე წარედგინა. კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით და პარლამენტში აირჩევა – 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებების გათვალისწინებით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. ასევე დოკუმენტში საუბარია ე.წ. 40-პროცენტიან ჩამკეტ მექანიზმზე.