მამუკა მდინარაძე - ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები არ დაექვემდებარებიან „ნაცმოძრაობის“, მათი ერთი ლიდერის ბულინგს და საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმედოვნებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაიაზრებენ, რომ არ შეიძლება, საკუთარ ამომრჩეველს და ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადო.
„აქ არის ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სად არის სიმართლე. თუკი ვინმე განზრახ ცდილობდა, არჩევნებში თავისი ხმა მოეპარა, ამ შემთხვევაში, ყველა მათი მესიჯი იქნებოდა მართალი. მაგრამ როდესაც მათ მესიჯს საფუძველი და რეალობასთან შემხებლობა არ აქვს, ტექნიკური ხარვეზების გამოყენებით ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მათი ხმა ვიღაცამ მოიპარა, მაშინ ჩვენი ხმებიც მოუპარია იმ ვიღაცას და ეს ვიღაცა ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ წარმოგიდგენთ ხოლმე ამ დღეების განმავლობაში დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ყველა წინა არჩევნებთან დაკავშირებით შეინიშნებოდა პროგრესი, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ისე მისი აღსრულების დონეზე.
„იყო ხარვეზები, რაც სდევს ხოლმე საარჩევნო პროცესს, მაგრამ მსგავსი პრობლემის საკითხის დაყენება, რასაც ისინი აყენებენ, აზრად არ გაუვლია არავის, საუბარია ობიექტურ დამკვირვებლებზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაშიც თქვენ პრობლემას ხედავთ და სავსებით სწორად, მათი ასაღებია, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, ვფიქრობ, ისინი გაითავისებენ ამ პასუხისმგებლობას, არ დაექვემდებარებიან „ნაცმოძრაობის“, მათი ერთი ლიდერის ბულინგს და ბოიკოტს არ გამოუცხადებენ საკუთარ ამომრჩეველს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.