მამუკა მდინარაძე - ვეუბნებით ოპონენტებს, მოიტანეთ წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ საზოგადოება მავნე ზეგავლენისგან, კი არ გვთავაზობენ რამეს, ემიჯნებიან, ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას
ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, რადგან საფრთხე არის ძალიან რეალური და ეს აისახება კონკრეტული საერთაშორისო კვლევების შედეგად საზოგადოებაზე, მომავალ თაობებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„ოპონენტებმა მაშინ ნაწილობრივ მოახერხეს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. გააცნობიერა ბევრმა ადამიანმა, რომ ეს იყო დიდი ტყუილი და საუკუნის აფიორა, ეს კიდევ აბსოლუტურად სხვა თემაა. ამ თემას ისინი ასე აშკარად ვეღარ დაუპირისპირდებიან, რადგან ეს გაცილებით ხელისგულზე ჩანს, ეს გაცილებით ცნობილი პრობლემაა საზოგადოებისთვის, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ეს პროპაგანდა იმდენად ხილულია, რომ საფრთხე ჩანს გაცილებით აშკარად, ვიდრე ის საფრთხე, მაგალითად, ენჯეოსექტორის წარმომადგენლებს დეკლარირებაც რომ არ უნდათ თავიანთი ფინანსების და გამჭვირვალობაზე რომ არ ლაპარაკობენ, აქედან თანმდევი ჯაჭვური საფრთხე სად მიდის ბოლოს, ეს არ არის იმდენად ხილული. მაგრამ ამ საკითხთან დაუპირისპირებლობამ, ამ საკითხის პრევენციის არარსებობამ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს, უკვე საკუთარ შვილებზე შეიძლება იგრძნონ ადამიანებმა და ამიტომ ეს საფრთხე იმდენად რეალურია, აქ ასე სპეკულაციურ დაპირისპირებას ვერ გაბედავენ. პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს. საფრთხე არის ძალიან რეალური და საფრთხე აისახება კონკრეტული საერთაშორისო კვლევების შედეგად საზოგადოებაზე, მომავალ თაობებზე. ჩვენ თუ არ გავმიჯნავთ უფლებების დაცვას, რაც მაღალ ხარისხზე უნდა ავიტანოთ კიდევ და კიდევ, ყოველწლიურად პროპაგანდისგან ჩვენ ეს საფრთხე აგერ გვექნება, წლების განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო მძაფრი იქნება. ამიტომ ისინი ვერ გაბედავენ ამას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მოსინჯონ, გააპროტესტონ ეს საკითხები.
„თუკი ვინმე ამბობს, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. როდესაც ისინი უკავშირებენ სხვადასხვა საკითხს სპეკულაციურად ამ თემებს, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პრინციპული პოზიცია არის დასაფიქსირებელი იმასთან მიმართებით, რა წინადადებები აქვთ, რითი შეიძლება, ეს პროპაგანდა დავაზღვიოთ, პრევენცია მოვახდინოთ და გამორიცხვა მოვახდინოთ. ჩვენ ხომ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ, მობრძანდით და პრევენცია რითი მოვახდინოთ, თქვენ დაწერეთ ნორმა. იქნებ მისაღებია, იქნებ ეს ნორმა უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვას, კონსტიტუციის მეორე მუხლის ყველა პუნქტის, ყველა ნორმის, ყველა პრინციპის დაცვით რომ უზრუნველყოს პროპაგანდის პრევენცია, თქვენ დაწერეთ. რას არ დაუჭერენ მხარს? ვეუბნებით, აბა, მოიტანეთ თქვენი წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ ქართული საზოგადოება ამ მავნე ზეგავლენისგან, ჩვენი მომავალი თაობები როგორ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან, კი არ გვთავაზობენ რამეს, არამედ პირდაპირ ემიჯნებიან. ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას“, – განაცხადა მდინარაძემ.