მამუკა მდინარაძე - ვერავინ გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია
ვერავინ გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია, სამწუხაროდ, ამ თემას სპეკულირებისთვის იყენებენ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 20 სექტემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით. კომენტარი მედიასთან აღნიშნულ საკითხზე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა, სადაც არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარი გამოწვევა დაასახელა.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებია.
„გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც – რა შუაში იყო ოკუპაცია გუშინ ვერავინ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას, სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად. მათი მრჩეველი ვერ ვიქნები, მაგრამ ამ საყოველთაო ე.წ. მობილიზაციის ფონზე, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არ გააჩნიათ რესურსი, ტყუილები ბოლომდე გაიტანონ საზოგადოებაში. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს არავის უნდა ჰქონდეს და ჩვენი მხრივ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ზუსტად იცის საზოგადოების საჭიროებები და უპასუხებს მას, მაგალითად, საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ, როდესაც დასახელებული 10 გამოწვევის შესახებ კონკრეტული და ხელშესახები შედეგები იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს მთავარი გამოწვევები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედვეელობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
რაც შეეხება აქციას, გუშინ პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანზიებით აქცია გაიმართა, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკურის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.