მამუკა მდინარაძე - ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გახდეს, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი
მამუკა მდინარაძე - ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გახდეს, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი

ვერ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ, შევეცდებით, პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება კონსენსუსი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ვერ გეტყვით, რომ დღეს რაიმე არსებითი შედეგი მივიღეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ კონკრეტულ კანდიდატებზე, პლიუს-მინუსებით. გვქონდა ჩვენ-ჩვენი პოზიციები, თუმცა დღეს მათი გარეთ გამოტანა, ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს. ამ აზრში გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტებიც და შევეცდებით, რომ პარასკევს უფრო ნათელი გავხადოთ, ვისთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, ორივე მხრიდან კომპრომისული ვერსია და ამით მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იყო კამათი და დისკუსია კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, იმედს იტოვებს, რომ არსებობს კომპრომისის და, საბოლოო ჯამში, კონსენსუსის რეალური შანსი.

„ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე. მათ შორის, პერსონიფიცირებით. თუმცა, ჩვენი დისკუსიის ბოლოს ყველამ ერთხმად ვთქვით, რომ დღეს სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებზე კონკრეტული მესიჯების გარეთ გამოტანა ორივე მხარეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს და იმის შესაძლებლობას მოსპობს, გავაგრძელოთ კონსულტაციები. უფრო გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რომელიმე კანდიდატზე ვთქვათ, რომ ეს არის მიუღებელი, ვიღაც მისაღებია, ამ კანდიდატებზე ვმსჯელობთ, დავიწროვდა წრე ჩვენი მხრიდან, მეორე მხრიდანაც და ასე შემდეგ, ვფიქრობ, ეს პროცესს დააზიანებს. ამიტომ კონსენსუსი ამ ეტაპზე მხოლოდ იყო იმაზე, რომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ბოდიში საზოგადოებას. რამდენიმე დღეში შევეცდებით, კონკრეტულ ერთ კანდიდატზე შევჩერდეთ. ვისაუბრეთ თითოეულ კანდიდატზე. თითოეულთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დეტალურად იციან, ისევე როგორც ჩვენ ვიცით მათი პოზიციები. ერთმანეთს მივეცით საშუალება და წინადადება, რომ რამდენიმე დღეში თითოეულმა გუნდმა, ფრაქციამ თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩამოაყალიბოს პოზიცია ამ კანდიდატებზე. სხვადასხვა ვერსია იყო. აქედან გამომდინარე, პარასკევს შევხვდებით უფრო კონკრეტული პოზიციებით, იმ მსჯელობისა და კამათის საფუძველზე, რაც დღეს გაიმართა ამ შეხვედრაზე.

კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მაქვს ილუზია, ​პარასკევსაც კი მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ყველა უბრუნდება ხოლმე თავიანთ გუნდს, სადაც ასევე გარკვეული თანხმობა სჭირდებათ კონკრეტულ ვერსიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.