მამუკა მდინარაძე - ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან ვინმეს გარიცხვას სთხოვდა
მამუკა მდინარაძე - ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან ვინმეს გარიცხვას სთხოვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერ დაადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ პერიოდში პარტიის საქმიანობაში არ იყო ჩართული და მხოლოდ რჩევით შემოიფარგლებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს პარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართული არ იყო, ამიტომ იმის გაცხადება მოხდა, რომ ის მაშინ შემოიფარგლა მხოლოდ რჩევით. ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არ მგონია, სწორი ინფორმაცია იყოს. წარმოუდგენელია, რადგან ამის შესახებ არც საუბარი ყოფილა და არც შევსწრებივარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სატელეფონო გზავნილში, რომელიც შემთხვევით ეკა ბესელიამ მიიღო, ეწერა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხელმძღვანელს ურჩევდა, ეკა ბესელია სიაში საერთოდ არ მოხვედრილიყო. მამუკა მდინარაძის თქმით, მოკლე ტექსტური შეტყობინება ინფორმაციული ხასიათის იყო.