მამუკა მდინარაძე - ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ერთ ადამიანზე ისრების გადატანა არასწორია, ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდა პირდაპირ, ირიბად, კულისებში თუ კულისებს გარეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ გამოჩნდა, რომ პოლიტიკოსებმა ძალადობასთან დაკავშირებით ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა.
მისივე თქმით, რადიკალიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდა პირდაპირ თუ ირიბად, კულისებში თუ კულისებს მიღმა.
„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ შეხედეთ, ეგრევე გაწირეს თავიანთი თანამებრძოლი, პოლიტიკოსებმა ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც გარკვეულ ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, ვინც, ჩვენგან განსხვავებით, არაფრად დაგიდევთ იმას, რომ ვიღაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას და სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, ვინც არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციების შედეგად. ამ ცრუ ინფორმაციების და არასწორი აღქმების შედეგად, ადამიანების დიდ ნაწილს გულწრფელი ემოციები აქვს, ნაწილს შეიძლება, სხვა მიზნები ჰქონდეს, მაგრამ ამ გულწრფელ ემოციებზე სპეკულაციურად თამაშობენ და მოუწოდებენ ისეთი მოქმედებებისკენ, რომლებმაც შეიძლება, სხვა შედეგი დადოს და ისევ ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. ამიტომ ერთ ადამიანზე, ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა არასწორია. ყველას პასუხისმგებლობა იყო, ვინც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით, ისეთი მოწოდებებით გამოირჩეოდა, რომელსაც შეეძლო, ეს რისკები შეექმნა.
ერთი მხრივ, ნახეთ პიკეტირების და ბლოკირების შესახებ მოწოდება, რამაც რადიკალიზაციას შეუწყო ხელი, თუმცა შემდეგ გამოსასწორებლად, თუ გულწრფელი ემოცია იყო, როგორ განვსაჯო მე ვაშაძის მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა მცდელობა, რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა, ეს კადრები მე თვითონაც ნანახი მაქვს. მის ამ მოქმედებაში შემდეგ თავის განზრახვაზე ხელის აღებას ჰქონდა ადგილი თუ ტელეკამერების წინ ასე პოზიორობდა, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი შესაფასებელი არ რის. ის, რომ ერთ ადამიანს ხელი შეაწმინდეს და, უიმე, ჩვენ არავის რადიკალიზაცია არ გვინდა, ჩვენ ყველანი მშვიდობიანი პროტესტანტები ვართ, პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, ერთი ვაშაძე აღმოჩნდა, რომელმაც რაღაც აურია გეგმებში და რადიკალიზაციისკენ წაიყვანა გეგმა, ჩემი აზრით, ეს არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალიზაციის ზეპირი განცხადებების, მიმანიშნებელი განცხადებების გარდა, ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, ვიდეომტკიცებულებები, სადაც ისინი პირდაპირ ლაპარაკობენ პარლამენტის შტურმზე, ეს ხომ ფაქტია. პარლამენტის შტურმზე ლაპარაკობენ ლიდერები, რომლებიც ცდილობენ, თავში ჩაუდგნენ გარკვეულ მუხტს, ამ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობა არანაკლებია. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდეს პირდაპირ, ირიბად, კულისებში თუ კულისებს გარეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.