მამუკა მდინარაძე - უზენაესი სასამართლო კოლაფსიდან გამოვიყვანეთ, თუმცა კრიტიკა დავიმსახურეთ, რადგან ორით მეტი მოსამართლე ავირჩიეთ
მოსამართლეთა ზუსტად ამ რაოდენობის განსაზღვრით უზენაესი სასამართლო კოლაფსიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ მეორე მხრივ, კრიტიკა დავიმსახურეთ, რადგან ორით მეტი მოსამართლე ავირჩიეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სამართლიანად არ მიაჩნია შეფასება, რომ 14 მოსამართლის ნაცვლად, 11 მოსამართლე თუ აირჩეოდა, პროცესი დემოკრატიული იქნებოდა.
„როდესაც საუბარია, რომ თუ 14 მოსამართლის ნაცვლად 11 მოსამართლე აირჩეოდა, ეს პროცესი დემოკრატიული იქნებოდა და 14 არ იყო რელევანტური რიცხვი საიმისოდ, რომ ვიღაცის კრიტიკა არ დაგვემსახურებინა, ეს სამართლიანად არ მიმაჩნია. ჩვენ ყველაზე რეალური და მყარი არგუმენტი ვთქვით, რომ უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლიდან ნახევარი მაინც უნდა აგვერჩია, რომ უზენაეს სასამართლოს მუშაობა შეძლებოდა. თუ სულ ცოტა სამი პალატის ორ-ორი შემადგენლობა არ დაკომპლექტდებოდა, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მუშაობის ისევ ხარვეზებით გაგრძელება. ერთი მხრივ, მოსამართლეთა ზუსტად ამ რაოდენობის განსაზღვრით უზენასი სასამართლო კოლაფსიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ მეორე მხრივ, კრიტიკა დავიმსახურეთ, რადგან ორით მეტი მოსამართლე ავირჩიეთ. თუ ამ ორმა გადაწყვიტა, კი ბატონო“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.