ნიკა მელიას განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაოს გადახდას ე.წ. გვერდითა გზებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას განცხადება ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის იყო დასტური სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის.
„ეს ადამიანი თითქოს არ აპირებს გირაოს გადახდას, სინამდვილეში მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაოს გადახდას ე.წ გვერდითა გზებით. ახლა რანაირად ხდება ეს ყველაფერი. დღეს მე განცხადებას არ გავაკეთებდი თავად რომ არ იშვერდნენ ხელს ჩვენი მისამართით. თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც აღტკინება და სურვილი, რომ მაინცდამაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო. რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში. მთელი პასუხისმგებლობით გარანტიას ვაძლევთ, რომ არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას, არც ასეთზე ფიქრს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, თუმცა ისინი მაინც იშვერენ ხელს ჩვენსკენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი და გადაიხადოს, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელია იტყუება ე.წ. უნიკალურ კოდთან დაკავშირებით.
„შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, უნიკალური კოდი, როდესაც ბრალდებული, მისი ადვოკატი ან სხვა პირი იხდის გირაოს, არის მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება კონკრეტული რომელი ბრალდებულის სასარგებლოდ არის გადახდილი გირაო. ეს ე.წ. უნიკალური კოდი, რომელსაც ისინი ახსენებენ, არ არის ანგარიშის დამბლოკავი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც არის გახსნილი რომელიმე ბანკში. გირაოს ანგარიში არის ღია, ის არ არის რაიმე კოდით დაცული, იმგვარად რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდა გადახდა. ისინი იტყუებიან, მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არის უცხო, მაგრამ ნებისმიერმა ადვოკატმა, პროკურორმა, სამართალდამცველმა, ბრალდებულმა იცის, რომ ეს კოდი მხოლოდ იდენტიფიცირებისთვის არის საჭირო. რეალურად არანაირი უნიკალური კოდი არ არის საჭირო თუ რომელიმე პირი, იმ ანგარიშზე, რომელიც არის გირაოს სპეციალური ანგარიში, თუ იცის ანგარიშის ნომერი და სახაზინო კოდი, არ არის საჭირო, რომ მან რაღაც უნიკალური კოდი იცოდეს. აქედან გამომდინარე, კოდზე აპელირება არის ტყუილი. ინფორმაცია, რომ ნიკა მელია აპირებს გირაოს გადახდას, რომელზეც ჩვენც ვლაპარაკობდით და დღესაც დადასტურდა, არის მართალი და ჯობია, თუ აპირებს გადახდას, ამ მანიპულაციებს თავის დაანებოს. გასაგებია, თავმოყვარეობის ამბავია შესაძლებელია, მაგრამ როდესაც მჯიღს ირტყამდა გულზე, მაშინ უნდა ეფიქრა, რომ მოუწევდა ამის გაკეთება. თუ ის ემორჩილება მიხეილ სააკაშვილის სურვილებს ესეც მისი პოზიციაა და გასაგებია, ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით. ჩვენ ვალდებულები ვართ ტყუილს, დაბრალებას განსაკუთრებით ჩვენზე, ვუპასუხოთ სიმართლით და განმარტებით საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.
მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას უნიკალური კოდის მიღების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც, თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
ამავდროულად, ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.
გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.