მამუკა მდინარაძე - უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი
ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით საქართველოს დასავლეთი ჩაგრავს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად იზიარებს.
„შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ, დავიჩაგრეთ, თან ძალიან დავიჩაგრეთ. მეტსაც გეტყვით, უსამართლოდ დავიჩაგრეთ. არაფერს ვერჩი, მაგალითად, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მოლდოვას, მაგრამ სტატუსი მიიღო „ესენგეში“ შემავალმა ქვეყანამ და ჩვენ ვერ მივიღეთ. ჩვენ ევროპისვე, ევროკავშირისვე გამოქვეყნებული კრიტერიუმებით გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ, დიახ, დავიჩაგრეთ. რატომ და რისთვის, მოდი, საზოგადოებას მივანდოთ ამის განსჯა. მაგრამ რადგან გვაქვს საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს დაადასტურა ევროკავშირმაც თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, ეს, პირველ რიგში, იმ ფაქტმა დაადასტურა, რომ „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, რომელიც პირნათლად არსულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს. ძალიან კარგი იყო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იღებს მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას. ეს არ არის სამართლიანი გადაწვეტილება და, სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ წელსაც ასე მოხდეს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, უნდა მივიღოთ კანდიდატის ტატუსი და ჩვენი მეგობრების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აღარ უნდა იყოს, არ ვიმსახურებდით არასდროს და არც ახლა ვიმსახურებთ, რადგან ვართ მართლები. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი. ვფიქრობ, არ უნდა დავისაჯოთ და დავიჩაგროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.