მამუკა მდინარაძე - უნდა გაირკვეს, რატომ აღმოჩნდა ორ თარჯიმანს შორის ერთი პოლიტიკური აქტივისტი და მოსთხოვენ თუ არა პასუხს, თარგმანი რომ გააყალბა
უნდა გაირკვეს, რატომ აღმოჩნდა ორ თარჯიმანს შორის ერთი ქართველი პოლიტიკური აქტივისტი და მოსთხოვენ თუ არა პასუხს, თარგმანი რომ გააყალბა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, თარჯიმანმა თავი ვერ შეიკავა.
„როგორც იქნა, მივედით იქამდე, რომ ჩვენი საგარეო მეგობრები და აქტორები რუსულს აღარ უწოდებენ, ყველა მიხვდა, რომ ყველაზე დიდი სპეკულაციაა სიტყვა „რუსულის“ ხსენება ამ კანონთან მიმართებით. ახლა ცდილობენ, ბრენდინგი – „არა რუსულ კანონს“ ქვეყნის შიგნით კვლავ გააგრძელონ, მაგრამ გარედან იქნებ „აგენტების“ კანონი მაინც ეწოდოს და თარჯიმანმაც ვერ შეიკავა თავი. გუშინ პრემიერის ერთგვარი მოწოდებაც იყო, რომ უნდა გაირკვეს, რატომ აღმოჩნდა ორ თარჯიმანს შორის ქართველი პოლიტიკური აქტივისტი. ერთი იყო საქართველოს მხარის დაქირავებული, რომელიც სწორად თარგმნიდა. გერმანიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი აღმოჩნდა პოლიტიკური აქტივისტი, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი. რატომ მოხვდა ეს თარჯიმანი და მოსთხოვენ თუ არა პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ გააყალბა თარგმანი, მერე თვითონაც აღიარა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.
თარჯიმანმა, ზაალ ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შოლცის განცხადების თარგმნისას სრულიად შეგნებულად ახსენა ე.წ. აგენტების კანონი. აღნიშნულის შესახებ ანდრონიკაშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარის სახით დაწერა.