მამუკა მდინარაძე - უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე, შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი
რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენი პატივცემული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის წევრებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელეს.
„ქვეყანაში არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვმსჯელობდით. რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენი პატივცემული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი მიზეზით, იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდასთან და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ. მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას, განსაკუთრებით მის რადიკალურ ნაწილს, არ ეყო გამბედაობა, საკუთარი ამომრჩევლისათვის ეთქვათ სიმართლე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ეტაპი მოლაპარაკებებისა კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, ანუ მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის ეთქვათ სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოსა და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საჭიროა ახალ დღის წესრიგზე გადასვლა, რადგან „შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი“.
„ვფიქრობთ, უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, მათ შემოვლენ პარლამენტში. როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება მაშინ გამოვა ციხიდან. ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით და არგუმენტებით, რომლებიც მათზეა დამოკიდებული რომ აღმოიფხვრას ერთ წამში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ კრიზისია ქვეყანაში და რაღაც სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია პარლამენტში შესვლა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება.
„ვფიქრობთ, ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ ეს არის: პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენითი გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები, ევროინტეგრაციის საკითხები, სადაც მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები. იცით მიმდინარე გამოწვევა ამ მიმართულებით და აქაც ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილ და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და პარტნიორობას ჩვენს ევროპელ, დასავლელ და ამერიკელ კოლეგებთან. ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკების მაგიდასთან, არის დღის წესრიგში და ნებისმიერ მათგანზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, შემოსვლა პარლამენტში და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ახლა ჩამოვთვალე“, – განაცხადა მდინარაძემ.