მამუკა მდინარაძე - უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მთავარია, ნამდვილად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ძალიან დამაიმედებელია, ყოველი წინადადების ბოლოს ვაცხადებთ, რომ ცესკო-ს მონაცემებს უნდა დაველოდოთ, მთავარია, ნამდვილად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლში 16:00 საათის მონაცემები იყო ასახული, ხოლო „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულში – 19:00 საათის მონაცემები.
„მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ პროვოკაციულ ფონს და გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობებს. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს, ასევე დამკვირვებლებს, რომლებმაც შეძლეს, ამ პროვოკაციულ ფონს გასაქანი არ მისცეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათი ქმედებები ვერ განავრცეს .
არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც პირდაპირ შეურაცხყოფაზე, რიგ შემთხვევაში ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ, თუმცა მე მინდა, მადლობა გადავიხადო სწორედ იმისთვის, რომ მათ მოითმინეს ეს შეურაცხყოფა. ამის გაგრძელებაა ის, რომ ისინი ზეიმობენ ამ გამარჯვებას, ჩვენ თავს ვიკავებთ მსგავსი მოქმედებებისგან მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა, იყო ძალიან დამაიმედებელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველი წინადადების ბოლოს ვაცხადებთ, რომ უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. მთავარია, ნამდვილად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს დამაჯერებლად.
არ მგონია გავიწყდებოდეთ, რომ „რუსთავი 2“-მა საზოგადოებას ამცნო 16:00 საათის მონაცემები და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ ისინი თავის დასკვნებსა და განცხადებებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა დამთავრდა 19:00 საათზე და აქედან გამომდინარე უკვე „ფსიქოპროექტმა“ გამოიტანა თავისი კვლევა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ეს იყო 17:00 საათის მონაცემი. ჩვენ ველოდებით სხვა მონაცემებს, მათ შორის „ედისონ რისერჩის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.