მამუკა მდინარაძე - უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, პროცესის ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, ეფექტიანად ემართა ვითარება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც.
„ამის კარგი გაგებით ბრწყინვალე იარაღი აღმოჩნდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ და რომლის გაგრძელებაზეც ახლა არის საუბარი. მოგეხსენებათ, რომ ამ თვის 15-მდე იყო შესაბამისი ვადა, თუმცა გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ რეგულაციებით, შესაბამისი მექანიზმებით ერთი მხრივ ვიცავთ მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. მოგეხსენებათ ასევე ისიც, რომ ამ რეგულაციების არსებობის პირობებში ჩვენ გავხსენით უფრო მეტად ეკონომიკა.
რეგულაციები საჭირო არ გახდა, პირიქით. დღეს ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო, როდესაც ჩვენ გავხსენით ფიტნესკლუბები და სავარჯიშო დარბაზები. ამიტომ ღმერთმა ქნას და არ დაგვჭირდეს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ იქნა მეორე ტალღა, ცუდ ვარიანტში, შესაძლებელია, ეს იყოს სექტემბერში, ოქტომბერში, აქ უკვე დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი.
მესამე ინტერესი არის, რომ ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს, კონსტიტუციით განსაზღვრულ თვეს, დღეს და რიცხვში. შესაბამისად, ეს მესამე ინტერესიც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, იყო ათასგვარი სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, ხან გადმოწევაზე საუბრობდნენ, ხან იქით გადაწევაზე. არავინ არ აპირებს ამას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები დათქმულ დროს უნდა ჩატარდეს.
მდინარაძის შეფასებით, უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, პროცესის ეფექტიანად მართვის საშუალებას იძლევა.
„შესაბამისად, პატარა პრობლემის შექმნის გამო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვჭირდეს სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ ასეთი პატარა აფეთქების, თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, მენეჯმენტს ჰქონდეს საშუალება, რომ მართოს ეფექტიანად პროცესი, როგორც ამას დღემდე ვახერხებთ და ახერხებდა მთავრობა.
აქედან გამომდინარე, ეს არის მთავარი მიზეზი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ სამ პრიორიტეტს:პირველი – მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მეორე არის ეკონომიკა და მესამე არის არჩევნების ჩატარება თავის დროს დემოკრატიულად, ხარვეზებისა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე.
რაც ყველაზე მთავარია, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ არჩევნების კონტექსტში და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე, წლის ბოლომდე იქნება უპრიანი ვადის გადაწევა. ვფიქრობ, რომ ამას უნდა ჰქონდეს ჩვენი ყველას მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.