მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ეპიდრისკებისა და ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ეპიდრისკებისა და ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა, რომელმაც ეპიდრისკებისა და ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მდინარაძის თქმით, სხდომაზე საუბარი იყო როგორც პანდემიის საკითხზე, ასევე შესაბამისი რისკებსა და ვაქცინაციის თემაზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.

„დღეს განიხილებოდა პანდემია, შესაბამისი რისკები, ვაქცინაციის თემა. ამასთან, უმრავლესობის სხდომაზე მოწვეული გვყავდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ეპიდრისკების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოქალაქეს ვუთხრა, რომ ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. ჩვენ არ გვაქვს ისე საქმე, რომ დავმშვიდდეთ, რადგან ხალხმა და ხელისუფლებამ მოახერხა, გარკვეულწილად დაასტაბილურა და შემთხვევები 500-ის ფარგლებში მერყეობს, 10-ჯერ ნაკლებია პიკური ვითარება, რაც გვქონდა ქვეყანაში. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ზუსტად ორ-სამ კვირაში, თუ ჩვენ შესაბამისად არ მოვიქცევით, შეიძლება, ძალიან გაგვირთულდეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ. მოვუფრთხილდეს ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.