მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის 92 დეპუტატის მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს კიდევ ერთხელ ექნება გარანტირებული
ქართული საზოგადოება და ქართული პოლიტიკური სპექტრი თუ თანხმდება იმაზე, რომ მეტად პროპორციული სისტემა არის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი საწინდარი, ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის აღსრულება ხდება ორშაბათს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის 92 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება კიდევ ერთხელ გარანტირებული.
„თუ იქნება არჩეული პროპორციული სისტემით 120 დეპუტატი 150-დან, მაშინ ეს საერთო შეთანხმება და საერთო აზრი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით უკვე აღსრულებაში მიდის. მე ამას ვეთანხმები. ჩვენს გუნდში არიან წევრები, რომლებიც ამას არ ეთანხმებოდნენ და ამის შედეგები ჩემთვის სამწუხაროდ წინა წლის ნოემბერში ვნახეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს შორის არის კონსენსუსი და კომპრომისული ვერსია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ უმრავლესობის 92 დეპუტატის მხარდაჭერა ექნება კიდევ ერთხელ გარანტირებული. ამას დაემატებიან ადამიანები, რომლებმაც მხარი ასევე დაუჭირეს და უპრობლემოდ გავა ორშაბათსაც მესამე მოსმენით და საქართველოს კონსტიტუცია შეიცვლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციაში უკვე წერია პროპორციული სისტემა, ეს არის დროებითი გარდამავალი დებულება, როდესაც 120/30-ზეა საუბარი. ჩვენი ინიციატივით და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობით, მათი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება თავის დროზე, რაც კონსტიტუციაში აისახა“, – განაცხადა მდინარაძემ.