მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად დაუჭერს მხარს, ჩვენგან სიურპრიზები არ იქნება
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის 92 დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს გარანტირებულად დაუჭერს მხარს, ჩვენგან სიურპრიზები არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მმართველი გუნდიდან 92 დეპუტატი გარანტირებულად დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ამასთან, მდინარაძის თქმით, შემაჯამებელ სხდომის ოქმში აისახა საზოგადოების განწყობები, რომლებიც საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოვლინდა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს 120/30-ზე სისტემას და ყველა იმ დეტალს, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების სახით იქნება ჩაწერილი.

„არათუ მხარდაჭერის იმედი, არამედ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც მყარად და თამამად ვაფიქსირებდით. 92 დეპუტატი, რომელიც აქამდეც აფიქსირებდა მხარდაჭერას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, მხარს დაუჭერს გარანტირებულად. დღეს კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ჩავაყენეთ უმრავლესობა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს იყო შემაჯამებელი სხდომის ოქმი, სადაც აისახა საზოგადოების განწყობები, რაც გამოვლინდა საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს.

საზოგადოების განწყობები პრინციპში იდენტურია 8 მარტის შეთანხმებაში ასახული შეთანხმებისა, ისინი მხარს უჭერენ 120/30-ზე სისტემას და ყველა იმ დეტალს, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების სახით იქნება ჩაწერილი.

შესაბამისად, პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან. ისევ და ისევ იგივეს ვიმეორებ, რასაც ამ სხდომამდე ვამბობდი, ახლა უკვე იმ დეპუტატებზეა ჯერი, კიდევ უფრო მყარად დაუჭირონ მხარი ოპოზიციის იმ ნაწილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც აქამდეც ღიად დააფიქსირეს მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ამ შემთხვევაში, არანაირი რისკი არ იქნება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით“,- განაცხადა მდინარაძემ და აქვე დასძინა, რომ სხვადასხვა დეპუტატებთან კომუნიკაცია შედგა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, კვლავ იგივე აზრზე არიან. ეს გვაძლევს საფუძველს თამამი განცხადების გაკეთების, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეექმნება არანაირი საფრთხე. „ნაციონალური მოძრაობის“ და ე.წ. ევროპული საქართველოს გარდა, ჩვენ ვიცით რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ შემთხვევაში იმ დათვლაში არ გვყავს შეყვანილი, როდესაც ვამბობთ, რომ მინიმუმ 116-117 ხმა უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით კონსტიტუციურ პროექტს. ისინი არ შედიან. ვინც განაცხადა, მათი ჩათვლით, საკონსტიტუციო პროექტს უნდა ჰქონდეს 117- კაციანი მხარდაჭერა, რა შემთხვევაშიც, რისკი არის ნულზე დაყვანილი. სიურპრიზები არ იქნება, თუ სიურპრიზი არ შემოგვთვაზა ჩვენმა რომელიმე ოპონენტმა. ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება. ეს შემიძლია დაბეჯითებით და გარანტირებულად გითხრათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.