მამუკა მდინარაძე - უკვე სირცხვილია, სერიოზულად ვილაპარაკოთ იმაზე, ილია ჭავჭავაძე ხომ არ აკმაყოფილებს დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებსო, მეგრელიშვილმა გააშარჟა
ბოლო პერიოდში მცდელობას ვხედავ, რომ იმ ადამიანის გაშარჟებას ცდილობენ, რომელიც იყო ჩვენი ისტორიისა და იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი. ილია ჭავჭავაძეს თითქოს დადებით კონტექსტში ახსენებენ ხოლმე, მაგრამ ისეთ საკითხებზე მოჰყავთ არგუმენტად, მგონია, რომ გაშარჟების მცდელობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა.
„უკვე სირცხვილია, სერიოზულად ვილაპარაკოთ იმაზე, ილია ჭავჭავაძე ხომ არ აკმაყოფილებს დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებსო. არცოდნაა რაღაცების. ბოლო პერიოდში მცდელობას ვხედავ, რომ იმ ადამიანის, რომელიც იყო ჩვენი ისტორიის და იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი და ვისითაც ამაყობს ქართველი ადამიანი, მის გაშარჟებას ცდილობენ. ილია ჭავჭავაძეს ისეთ კონტექსტში ახსენებენ ხოლმე, თითქოს დადებითში, მაგრამ ისეთ საკითხებზე მოჰყავთ არგუმენტად, მგონია, რომ გაშარჟების მცდელობაა.
არასოდეს ახსენებენ – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რადგან არც მამული აინტერესებთ, არც ენა და, მით უმეტეს, არც სარწმუნოება. ამ ყველაფერს ებრძვიან და ილიას მხოლოდ ფაქტორად იყენებენ, რომ რაღაც არგუმენტები მოიტანონ. ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებიც კი, მათ შორის „ფრანკლინის სკოლაში“, ახალგაზრდებს თავში რაღაცას რომ უნერგავენ, იქაც ილიას ფაქტორად იყენებენ, ოღონდ მამულსაც ებრძვიან, ენასაც და სარწმუნოებასაც. მეგრელიშვილმა გააშარჟა. საკუთარ ისტორიას თუ ოდნავ მაინც იცნობ, ასეთი სიგიჟე არ უნდა თქვა და წარსულს ეს ყველაფერი არ უნდა ჰკადრო“, – განაცხადა მდინარაძემ.