მამუკა მდინარაძე - უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან გვესმოდა საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებები, როდესაც იღებ მსგავს მოწოდებებს და ტყუილ კამპანიაში მონაწილეობას, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო
უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გვესმოდა საქართველოს ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები, როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და ტყუილ კამპანიაში მონაწილეობას, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ოფიციალური მიწვევა არ ყოფილა. როგორც მდინარაძემ განმარტა, იყო კომუნიკაცია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან.
„ჩვენი მხრიდან ასეთი პასუხი იყო – მაშინ, როდესაც საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას და მათ შორის, არავისთან შედარება არ მინდა, მაგრამ მოლდოვას ახსენებენ ხოლმე ხშირად, გაცილებით მეტი გავაკეთეთ ჩვენ. თუმცა მოლდოვას ვერანაირად ვერ დავძრახავთ თავის დამოკიდებულებაში, ის მხარს უჭერს უკრაინას, უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და თავისი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე მაქსიმუმზე მიდის მხარდაჭერის საკითხებში. ჩვენ მაქსიმუმსაც გავცდით, ჰააგის სასამართლოშიც კი დავუჭირეთ მხარი, რომ რუსეთის საქმე განხილული იქნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო. ანუ საქართველომ ბევრად მეტი რისკი გაწია, ვიდრე მას ეს, როგორც ყველაზე მოწყვლად ქვეყანას, ყველაზე დიდი რისკის შემცველს შეეძლო, როდესაც ოკუპანტთან დაკავშირებით არის საუბარი. აღარ ვსაუბრობ, პირველები რომ ვიყავით ჰუმანიტარულ დახმარებაში და ა.შ.
ამ პირობებში ჩვენ მათგან პასუხად ვიღებთ იმას რომ თურმე, მიხელ სააკაშვილი, რომელიც ოროთახიან ლუქსშია განთავსებული, იქ იხდის სასჯელს, არის ნაწამები და კლავენ. აი ამ ორ სიტყვას მნიშვნელობა დაუკარგეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ სისტემაში რა ხდებოდა, ვეღარავინ ვეღარ ლაპარაკობს. ამას თუ წამება და მოკვლა ჰქვია, მაშინ ის რომ კლავდა მართლა და ის რო აწამებდა, იმას რა ჰქვია მაშინ, სხვა სახელი უნდა დაარქვან.
ასევე ჩართულები არიან იმ კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების, პირველი პირების მხრიდან გვესმოდა – საქართველოს ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები. ეს იყო რეალობა და როდესაც იღებ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს და იღებ ტყუილ და ფეიქ-კამპანიაში მონაწილეობას მეორე მხრიდან ამის პასუხად, ბუნებრივია, ასეთ ოფიციალურ ვიზიტებზე თავი უნდა შეიკავო. არსებობს რაღაც ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადავიდეს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ისინი, და უკრაინის ხელისუფლებაში ასეთი ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ამ ურთულეს პერიოდში იცლიან, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდონ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და კლავენო და მოატყუონ დანარჩენ მსოფლიოს. ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ან რაიმეზე თავს შევიკავებთ, რაც ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებშია იმავეს გავაგრძელებთ. მაგრამ აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჩასვლა მთლად რელევანტური ვერ იქნებოდა“,- განაცხადა მდინარაძემ.