მამუკა მდინარაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ
მამუკა მდინარაძე - უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ

უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე სიმართლე უნდა ვთქვათ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უკრაინამ საქართველოს სისხლის სამართლის დამნაშავეები უნდა გადასცეს.

„რა თქმა უნდა, უკრაინელ კოლეგებსაც ვსაყვედურობთ, რადგან ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაური რამეა. პირადად მე ამ საკითხზე საუბრისგან თუ ვიკავებდი თავს, ამდენი ხნის შემდეგ, დღეს მომეცა საშუალება, ვთქვა, რომ, მაგალითად, ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. აღარ დავაკონკრეტებ, ამისი დროც მოვა. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი არაფერს აპირებს, პირიქით, აქ არის, რამდენიმე დღეა, ტრუსკავეცში, ნომრიდან არ გამოსულაო. დღეს დადგა დრო, ეს მეთქვა. მე ბოდიშები ვიხადე მეორე დღეს. ჩემი ინფორმაცია არ ყოფილა, ჩემს ნათესავებს, ახლობლებს არ დაურეკავთ იქიდან, რომ აქა და აქ არის ეს კაციო. დიახ, მათი ინფორმაცია იყო, უკრაინელი კოლეგების. მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, სახელს და გვარს არ ვიტყვი.

რაც შეეხება იმას, რომ იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, არა თუ ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან, არა თუ ასეთ კომუნიკაციაში არიან, არამედ სააკაშვილის ამ ინციდენტის შემდეგ წინაურდებიან. განუბაჟებლად შემოაპარეს საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით. გადმოგვცენ სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუკი რაიმე პლატფორმა არსებობს, ჩვენ ისედაც მხარს ვუჭერთ. უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც კი წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას, გასამართლებას, როგორც ომის დამნაშავეების და ასე შემდეგ. ამ ფონზე, როდესაც 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მათგან რას ვხედავთ? იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ადამიანი ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.