მამუკა მდინარაძე - უდავოდ პოზიტიურმა საკონსტიტუციო რეფორმამ საშუალება მოგვცა, გვქონდეს თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა
მამუკა მდინარაძე - უდავოდ პოზიტიურმა საკონსტიტუციო რეფორმამ საშუალება მოგვცა, გვქონდეს თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა

უდავოდ პოზიტიურმა საკონსტიტუციო რეფორმამ საშუალება მოგვცა, შევასრულოთ ეუთო-ს პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია და გვქონდეს თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები დასკვნით ეტაპზე გადადის და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა ის მთავარი თემები, რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია, ცვლილებები შევიდეს შესაბამის კანონმდებლობაში.

„2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით, მთლიანად იცვლება დაფინანსების სისტემა, ასევე იცვლება საეთერო დროის განაწილება, რომელიც უნდა იყოს მეტად სამართლიანი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციას გარანტირებულად ეყოლება კომისიის მეტი წევრი, ვიდრე ხელისუფლებას, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი გახდება გაცილებით ეფექტიანი, ასევე, მხოლოდ 5000 ხელმოწერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ პარტიამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურებიც. ამ რეფორმით ჩვენ ვქმნით პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც საბოლოო ჯამში, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, რაც თავის მხრივ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები დადგენილი პროცედურების შესაბამისად უმოკლეს ვადაში აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.