მამუკა მდინარაძე - უცხოელ პარტნიორებთან ჩვენი ნებისმიერი კონტაქტი იქნება ქართული და ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი
მამუკა მდინარაძე - უცხოელ პარტნიორებთან ჩვენი ნებისმიერი კონტაქტი იქნება ქართული და ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი

ოპოზიციის განცხადება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს და მთავრობა – არა, იმის მტკიცებულებაა, რომ ისინი იბრძვიან, რათა ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ იქნებ დოკუმენტებში ჩაიწეროს, რომ სტატუსი დაიმსახურა ხალხმა და არა – ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოღონდ კი საქართველოში გადაწყვეტილების მიღება გამორიცხონ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს არქმევენ პრორუსულს და როგორც კი ეროვნულზე დაიწყებ ლაპარაკს, ამას აიდენტიფიცირებენ რუსულთან.

„ასეთი რაღაც მსოფლიოში არ მომხდარა. თავის დროზე ისინი ვიღაც-ვიღაცების თითის დაწკაპუნებით იმართებოდნენ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ესენი ქვეყანას დამოუკიდებლად ერთი დღე მაინც მართავდნენ. ისინი დამოუკიდებლად ერთი ნარატივის გამტარებლები არ არიან, დავალებებს იღებენ. როგორც კი ამ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება, ამ ყველაფრის მონათვლა გადაწყვიტეს პრორუსად და რუსულად. ოღონდ ქართული და საქართველოში გადაწყვეტილების მიღება გამორიცხონ, ამას არქმევენ რუსულს. როგორც კი ეროვნულზე დაიწყებ ლაპარაკს, ამას აიდენტიფიცირებენ რუსულთან. ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ევროპელობა არის ღირსება, ტრადიცია, ქრისტიანული ღირებულებები და ის, რაც ამ ქვეყნის რეალური გზაა და ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში.

„ხალხი ფიქრობს, თუ დასავლეთის მთავარი წარმომადგენლები ეს ხალხია, მახინჯი ლოგიკა ყალიბდება და დასავლეთი ასოცირდება ადამიანების წამებასთან, გაუპატიურებასთან, უღირსობასთან, ბიზნესის რეკეტთან, ლგბტ პროპაგანდასთან, ათასს სისაძაგლესთან. ესენი წარმოჩინდებიან, როგორც მთავარი მოკავშირე დასავლეთის. მათთან არაფერი ევროპული არ არის. რეალურად, ევროპელობა არის ღირსება, ტრადიცია, ქრისტიანული ღირებულებები და ის, რაც ამ ქვეყნის რეალური გზაა და ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა. ბორელის ჩამოსვლაც და ჩვენი ნებისმიერი კონტაქტი უცხოელ პარტნიორებთან იქნება ქართული და ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. სამადაშვილმა თქვა, ხალხის ფაქტორი დასუსტდება და ხელისუფლების გაძლიერდება, თუ სტატუსს მივიღებთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.