მამუკა მდინარაძე - ტყუილის ტირაჟირება შეიძლება, ვერ გამოვიდეს საკომიტეტო მოსმენების დროს, ამიტომ აცხადებს უარს „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესში მონაწილეობაზე
„ნაციონალური მოძრაობა“ ირჩევს რევანშის გზას, რადიკალურ გზას, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ამას ემსახურებოდა მათ მიერ გავრილოვის რევოლუცია, რომელიც არ შედგა და ახლა არიან პოსტისტერიულ პერიოდში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის საპარლამენტო მოსმენების ბოიკოტირებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი რომელიმე სუბიექტს გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მთლად ტყუილი და მისი ტირაჟირება შეიძლება, ვერ გამოვიდეს იმ დებატების დროს, რომელიც შეიძლება, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენების დროს, ამიტომ ერთადერთი მიზეზი შეიძლება, იყოს ეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს ამაში მონაწილეობის მიღებაზე. უკაცრავად ტერმინისთვის, მაგრამ რითი გააპრავებენ ამას, რა პოლიტიკურ-სპეკულციური მესიჯით, ეს მეორე საკითხია, თუმცა როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი და ელემენტარულ კითხვებს იქით დასმულს ვერ სცემენ პასუხს, მაგალითად აგვისტოს ომიდან ორ თვეში იმ ცნობილ რეზოლუციას რატომ მისცეს ხმა, ამაზე პასუხი არ აქვთ და ათასგვარ სისულელეს იგონებენ. მაგალითად, ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობენ, როგორც კი საგნობრივზე მიდგება მსჯელობა, იქ უკვე არარეალური და ჰაერიდან მოტანილი არგუმენტები აქვთ მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ბევრია და მათ შეუძლიათ, ნებისმიერ ოპონენტს საგნობრივად ეკამათონ. ისინი ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ რევანშის გზას, რადიკალურ გზას, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ამას ემსახურებოდა მათ მიერ სპონტანურად თუ არასპონტანურად გავრილოვის რევოლუცია, რომელიც არ შედგა და ახლა არიან პოსტისტერიულ პერიოდში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.