მამუკა მდინარაძე - თუკი ოპოზიციის მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ
ყველა დამკვირვებელი მიუთითებს, რომ ოპოზიცია უნდა გადავიდეს რადიკალური მოთხოვნებიდან, დესტრუქციული დღის წესრიგიდან კონსტრუქციულ რეჟიმზე და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპონენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მეორე ტურში, რაც მათი მხრიდან იქნება პასუხისმგებლიანი საქციელი, რათა დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყანაში.
„როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ სთავაზობენ, ვიდეოკადრების ჩანაწერების გაშიფვრას, მის ანალიზს, ასეთ საკითხებზე როდესაც უარი გხვდება და კვლევა რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის. მათი ინტერესია მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება. თუკი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის“,- განაცხადა მდინარაძემ.