მამუკა მდინარაძე - თუ საქმეში ახალი მოწმეები გამოიკვეთა, საგამოძიებო კომისია მათაც გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გუშინ მკვლელობის უშუალო შემსწრე ოთხი პირი გამოკითხეს.
მისივე ინფორმაციით, მიდის იმ ჩვენებების შემოწმება, რა ჩვენებებიც მათ გამოძების პროცესში მისცეს.
„ჩვენ გუშინ ამ ფაქტის ოთხი უშუალო შემსწრე გამოვკითხეთ. დღეს კიდევ ერთი გამოიკითხება. ჩვეულებრივად შემოწმება მიდის იმ ჩვენების, რა ჩვენებებიც ამ ადამიანებმა წინასწარ გამოძიებას და შემდეგ სასამართლოს მისცეს. აქედან გამომდინარე, ჯერ დასკვნების გაკეთება ცოტა ნაადრევია. ჩვენ ეს მასალები ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ, მათ შორის მტკიცებულებები“,- განაცხადა მდინარაძემ.
რამდენად ღირებულია მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მდინარაძე ჩვენებების შეფასებებისგან თავს იკავებს.
„დღეს ერთის გამოკითხვა მიმდინარეობს და შემდეგ ვნახოთ, საჭიროებიდან გამომდინარე ამ მოწმეების გამოკითხვით რა გამოიკვეთება. თუ რაიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა, ბუნებრივია ჩვენ იმ ადამიანებსაც გამოვკითხავთ, თუ გამოკითხულები სხვა მოწმეებზე მიუთითებენ. მაგრამ თუ არ გამოიკვეთა, სხვა მოწმეების გამოკითხვას გავაგრძელებთ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, გუშინ მოწმეების გამოკითხვით ხელშესახები გარემოება არ გამოკვეთილა.
„რაიმე ისეთი ხელშესახები ახალი გარემოება გუშინ სამწუხაროდ არ გამოკვეთილა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმ დღეს უშუალოდ ჩხუბის ფაქტს შეესწრნენ და ამ ეზოს შიგნით სხვადასხვა რაკურსით უყურებდნენ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ხორავას ქუჩაზე იმ პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამ წუთებში ადგილზე იმ ავტომობილით არის მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.