მამუკა მდინარაძე - თუ დაირღვევა კანონი, იქნება შესაბამისი რეაგირებაც, ასეთია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც
თუ დაირღვევა კანონი, იქნება შესაბამისი რეაგირებაც, ასეთია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.
„რა თქმა უნდა, ამაში თანაზიარნი ვართ. ასევე, პროტესტი უნდა დარჩეს კანონიერ ჩარჩოებში, ამაშიც ვართ თანაზიარნი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ვიდრე დავით უსუფაშვილი კომპიუტერზე აწკაპუნებდა და კალამი ეჭირა ხელში, ამასობაში ჩვენ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ ძალიან სერიოზული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩვენი ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალისათვის და პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქციაზე გამოსული ადამიანების აზრი.
„მაგრამ ამ ფონზე, როდესაც არის საუბარი, რომ 20 000 კაცი უნდა შეკრებილიყო, თავად საუბრობენ, 20 უნდა შეკრებილიყო და ხუთი რომ შეიკრიბა, ამიტომ არ გვითმობენ რაღაცას, ეს არის შეურაცხყოფა საზოგადოების და თითოეული ადამიანის. ჩვენ არ ვითვლით ადამიანების რაოდენობას. მაგრამ ეს ადამიანები კვლავ მოატყუა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მის გვედით მდგომმა პოლიტიკურმა ძალებმა იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნებიც კი იმდენად არარეალური დააყენეს, რომ იქვე ჩანს, რომ მხოლოდ ჩიხში შესვლის მცდელობას აქვს ადგილი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, გერმანული მოდელი არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და დღევანდელი კონსტიტუცია არ იძლევა არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარების შესაძლებლობას.
„პარლამენტის ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს უნდა უზრუნველყონ. სამართალდამცველებმა ნებისმიერი კანონდარღვევა უნდა აღკვეთონ. უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომაც და უნდა გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, შსს-ს დღევანდელი განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის პიკეტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რელევანტურია.
„ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექნება კანონდარღვევას ადგილი, იქნება შესაბამისი რეაგირებაც. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, შსს-ს პოზიცია, ეს იყო მათ შორის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია. ამას მხარს უჭერს და უმყარებს, მათ შორის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს, კანონის შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხის, ადამიანის ძირითადი და მთავარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უპირატესი გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს პოლიციამ და ასევე, არ უნდა დაუშვას კანონის დარღვევა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.