მამუკა მდინარაძე - კომისიაში ყველა ოპოზიციონერს ვეპატიჟებით, ჩაერთონ მუშაობაში და თავად დაამტკიცონ, რასაც ამბობენ
ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილის პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „მოქალაქეების“ არგუმენტი, რომ საარჩევნო კომისიაში წევრები არ ჰყავდათ და სხვა პარტიებმა უკეთ იციან ფაქტები, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის.
„საპარლამენტო ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ალეკო ელისაშვილი შემოყოლილი განწყობით ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, თითქოს არჩევნები გაყალბდა. თუ ასე ამბობენ, მაშინ კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ამ პროცესში ჩაერთონ და დაამტკიცონ, გაყალბდა თუ არა. იმ არგუმენტის წარდგენა, რომ კომისიაში წევრები არ გვყავდა და სხვებმა უკეთესად იციან, გასაგებია, მაგრამ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. თუ ეჭვი აქვთ, რაღაც გაყალბებას ჰქონდა ადგილი, უზრუნველყონ, რომ ერთპროცენტიანი ცდომილება დაამტკიცონ და ისინი ავტორები იქნებიან, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
კომისიაში ყველა ოპოზიციონერს ვეპატიჟებით, მოვიდნენ და ჩაერთონ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში, რაც უპრეცედენტო იქნება. კომისიის მუშაობაში ჩაერთონ, რომ თავად დაამტკიცონ ის, რასაც ამბობენ. თუ მათ აქვთ ერთპროცენტიანი შანსი იმისა, რომ სიყალბე დაადასტურონ მტკიცებულებებით, ფაქტებით და არა მხოლოდ სპეკულაციურად, როგორც აკეთებენ, ამის შანსი აქვთ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ არადა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდნენ. გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის დასადასტურებლად ამაზე დიდი არგუმენტი არ არსებობს. ერთადერთი „არგუმენტი“ დარჩათ, რომ ახლა გვიანია, რადგან ოქმები გადაწერეს და ა.შ. შეუძლებელია, ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა წარმოიდგინო, რომ კომისიაში, მათი 11 300 წარმომადგენლის ხელმოწერები ან მასიურად გაყალბდა, ან ისინი ვიღაცამ აიძულა, რომ შიშით, ზეწოლით ხელი მოეწერათ. ეს წარმოუდგენელი არგუმენტია და მსგავსი არგუმენტი ბუნებაში არც უნდა არსებობდეს. საზოგადოებას რომ დააჯერო, საკუთარ ამომრჩეველს ამ დოზის სითავხედის სპეკულაცია, ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა ჰკადრო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია. მისი თქმით, გაყალბების სრული სურათის დასანახად დასახელებული პარტიების მონაწილეობა აუცილებელია.