მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარასა და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სხდომა მინდა, დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი და განსაკუთრებული სამძიმარი, მინდა, მიშო ბიძინაშვილის მიმართ გამოვთქვა, მედიის წარმომადგენლებს, მინდა, ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო ამ მიმართულებით და ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დაწყებისას.