მამუკა მდინარაძე - თითქოს სადღაც მითქვამს, რომ უკრაინის ომი წინასწარ განწირულია, ასეთ დაბრალებებს, ამ სიბინძურეს ყველამ თავი დაანებოს
თითქოს სადღაც მითქვამს, რომ უკრაინის ომი წინასწარ განწირულია, ასეთ დაბრალებებს, ამ სიბინძურეს ყველამ თავი დაანებოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, თითქოს მამუკა მდინარაძეს წამოსცდა, რომ წინასწარ წაგებულ ომში მონაწილეობა არ უნდა მიიღო და თითქოს ეს ეხებოდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს.
„გუშინ ჩამიგდეს ბატონ პაატა ზაქარეიშვილის განცხადების ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც მე მეხებოდა – თითქოს სადღაც მითქვამს, რომ უკრაინის ომი წინასწარ განწირულია. ასეთ დაბრალებებს ამ ხალხმა თავი დაანებოს. როდესაც კამერების წინ ვდგავარ, ზუსტად ვიცი, რას ვლაპარაკობ. ვამბობ იმას, რომ საქართველოს ომში ჩართვაზე თუ არის საუბარი, შეიძლება, წინასწარ ვიცოდეთ ძალიან ცუდი შედეგები, რისთვის არის განწირული ქვეყანა, რაც უნდა მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და ა.შ. ამ რისკებს ნურავინ გაწევს და ამ რისკებში ჩათრევას ნურავინ ეცდება. როდესაც ამ კონტექსტში ვსაუბრობ და მერე თარგმნიან, რომ იქ უკრაინის ომზე და გაწირვაზე ვლაპარაკობ. ამ სიბინძურეს დაანებოს ყველამ თავი. ამის გაგრძელებაა ისიც, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ აქვთ ინფორმაცია, რომ იქ ვიღაცები რაღაცას აპირებენ. ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ და საქართველოში აქვთ კი არა, გამოდიოდნენ აშშ-ს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები და წინასწარ საუბრობდნენ იმაზე, რას აპირებდა აგრესორი ქვეყანა; წინასწარ გვქონდა საუბარი, რუსეთი ჩაგვეწერა თუ არ უნდა ჩაგვეწერა რეზოლუციაში. ამ დროს ლაპარაკობენ, რომ წინასწარ რატომ იცოდა ვიღაცამ. რატომ იცოდა კი არა, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ შეჭრას აპირებდა. ვიღაც შედარებით თავშეკავებულ პოზიციას აფიქსირებდა, რომ რაღაც საბაბი არ მიეცა ოკუპანტი ქვეყნისთვის, ვიღაც ღია პოზიციას აფიქსირებდა და „ქართულ ოცნებაში“ იცოდნენ წინასწარო. წარმოიდგინეთ, სპეკულაციის რა ხარისხი უნდა განავითარო, ამაზე რომ ვილაპარაკო ამგვარად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.