მამუკა მდინარაძე - ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები შელახული იმიჯის აღსადგენად
ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები შელახული იმიჯის გამოსასწორებლად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 420 ათას დოლარად დაქირავებულ ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-სთან დაკავშირებით.
„ჯერ აუცილებლად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ აგენტების შესახებ ამერიკულ კანონს იმიტომ დაარქვეს საქართველოში ჩვენმა ოპონენტებმა რუსული კანონი, რომ ასეთი ამბები არ გამსკდარიყო, რადგან ამერიკული ანალოგიური კანონიდან ბევრი რაღაც გავიგეთ. მათ შორის ისიც, რომ თურმე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს სჭირდებათ ლობისტების დაქირავება შელახული იმიჯის გამოსასწორებლად. ერთი ცნობილი ძველი ქართული ტელეფილმი მახსენდება, ვის უნდა უჯიკონ, თვითონ საჯიკებლებმა, ასე გამოდის ეს ამბავი. ფაქტობრივად, ამის აღიარება მოხდა, რადგან ტელევიზია სხვას უნდა ლობირებდეს და „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს იქით დასჭირდათ ლობისტები. შემდეგ, არ ვიცი, ამის გადასაფარად იყო თუ დაემთხვა, ასევე თავად საჯიკებელმა ხაბეიშვილმაც სხვებს შესთავაზა დახმარება და საჯიკებლების დღე გვაქვს დღეს, „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიების. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად, წარმოუდგენელი ამბავია. შეიძლება, იყოს, მაგრამ მე არ მახსენდება პრეცედენტი, როცა ტელევიზიას ვინმემ ლობისტები დაუქირავა შელახული რეპუტაციის, იმიჯის აღსადგენად. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ეს სჭირდებათ და თავადვე აღიარეს ეს თავიანთი მოქმედებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.