მამუკა მდინარაძე - თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე საუბრობდნენ, რომ მოგვცენ სტატუსი, მაგრამ თქვან, რომ ხალხი იმსახურებს და არა - ხელისუფლება, ოღონდ სტატუსი მოგვცენ და რაც უნდათ, ის თქვან
გუშინ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობდნენ, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს, მოგვცენ სტატუსი, ოღონდ თქვან, რომ ხალხი იმსახურებს და არა – ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს.
„გუშინდელი კონფერენცია და ის პლატფორმა, რაც არის, შეიძლება შეფასდეს, როგორც ქარის წისქვილებთან ბრძოლა, რადგან თავიანთ გამოგონილ პრობლემას ებრძვიან. წარმოიდგინეთ, შუაგულ თბილისში ებრძვიან პუტინიზმს, რადგან მათი მოწოდებების, პიარის, პროპაგანდის თანახმად, „ქართული ოცნებაა“ პუტინისტი. ამ მოგონილ პრობლემას ებრძვიან შუაგულ თბილისში. ამ დროს, რეალური პრობლემა რაც არის, იმას თავად ახორციელებენ, ფაშისტურ იდეოლოგიას თავად ასაზრდოებენ, თავად ასაზრდოებენ მიშისტურ იდეოლოგიას. საქართველოს მოქალაქემ კი რეალურად ვერსად ნახა პუტინიზმი, რადგან მოგონილი პრობლემაა და ამას ებრძვიან ადამიანები, რომლებიც ფაშიზმს კვებავენ. როდესაც საქართველოს მოქალაქე მიშისტებისა და ფაშისტებისგან ისმენს, რომ ისინი არიან პროდასავლელები, არ შეიძლება, ამაზე დამაზიანებელი რამე იყოს. ვინ გვევლინებიან მთავარ მედასავლეთეებად? ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ. ეს ადამიანები ცდილობენ, დაპოზიციონირდნენ, როგორც დასავლეთისა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მთავარი გულშემატკივრები. ვიღაცამ რომ დაიჯეროს, ისინი არიან მთავარი ევროპელები ამ ქვეყანაში და დასავლეთის მთავარი გულშემატკივრები, წარმოიდგინეთ, რა აღქმებს გააჩენს ეს საზოგადოებაში. ხოლო ვინც დემოკრატიაზე, ადამიანზე იფიქრა, დემოკრატიული რეფორმები გაატარა, აღარავის, არცერთ მოქალაქეს არ ეშინია, ილაპარაკოს, არაფრის შიში აღარ არსებობს, ცდილობენ, ისინი რუსებად გამოიყვანონ. თავად განსაჯეთ, რამდენად დამაზიანებელი ტრენდია ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ახლა ფიქრობენ, გამოჩნდა რაღაც ნათელი წერტილი, რომ, მათი მცდელობის მიუხედავად, შეიძლება, საქართველომ მართლაც მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ იყო, რომ მთავრობის წინააღმდეგობის, უნებართვობის მიუხედავად, პრეზიდენტი გაიქცა ევროპაში, რათა თუ ასე მოხდა, მან მიიწეროს ეს ამბავი.
გუშინ მაკეინის კონფერენციაზე ამ მესიჯებით გამოდიოდნენ, პირდაპირ ლაპარაკობდნენ. ჩვენ ხომ ორი დღის წინ ვთქვით, პირადად ვაცხადებდი, რომ ინფორმაცია გვაქვს, ასე ელაპარაკებიან – სტატუსს თუ მოგვცემთ, მაშინ უნდა თქვათ, რომ ეს ხალხმა მიიღო და არა – ხელისუფლებამ ან არ მოგვცეთ სტატუსი, რადგან ეს „რუსული ოცნებაა“, რუსული პროექტია. ასე თუ მოხდა, ხელისუფლების შეცვლა გამორიცხულია, ესენი წლები დარჩებიანო. თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ და სტატუსი უნდა მოგვცეთ, იქნებ თქვათ, რომ ხალხმა დაიმსახურა და არა – ხელისუფლებამო. ჩვენ ამ ინფორმაციის შესახებ ვლაპარაკობდით და ახლა ესენი თავად ადასტურებენ, გუშინ კონფერენციაზე საუბრობდნენ, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს, მოგვცენ სტატუსი, ოღონდ თქვან, რომ ხალხი იმსახურებს და არა – ხელისუფლებაო. ამაზე დიდი მავნებლობა ხომ არ არსებობს. ამ ხელისუფლებას ხომ ხალხი ირჩევს. ოღონდ მოგვცენ სტატუსი და რაც უნდათ, ის თქვან, რაც უნდათ, ის ჩაწერონ, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ოღონდ ამ ქვეყანას თავისი სიმართლე არ დაუკარგონ. ეს ქვეყანა თავისი ტრადიციებით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით, ქრისტიანული, ევროპული ტრადიციული ღირებულებებით, დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსსაც და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასაც. ოღონდ ეს დაინახონ და ამის მიღმა, კულისებში დალაგებული ამბების მიხედვით, რაც უნდათ, ის ჩაწერონ, მაინც დიდ მადლობას ვეტყვით. თქვან, რომ ხალხი იმსახურებს, ოღონდ მოგვცენ სტატუსი, ოღონდ არ დაგვჩაგრონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.