მამუკა მდინარაძე - სწორი სამართლებრივი პოზიცია, რომელიც აისახება კანონმდებლობაში, არა თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს შეუწყობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ
სწორი სამართლებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენი ინიციატივით აისახება კანონმდებლობაში, არა თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს შეუწყობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე სწორი სახელმწიფოებრივი და გადაწყვეტილებები მიიღონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის შეფასებებს მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამართლიანია როგორც პარტიების დაფინანსებასთან, ასევე საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტები.
„კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ კარლს და ქალბატონ დეგნანს იმ უდიდესი შრომისთვის, რაც მათ მოლაპარაკებების პოზიტიური შედეგისთვის გასწიეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში ვიტყვი იმასაც, რომ ჰარცელის განცხადება მოიცავდა იმ ნაწილსაც, სადაც ზუსტად არის შეფასებული, როგორ აზიანებს ამ პროცესს ოპოზიციის მოქმედებები და ეს ჩვენც ასე მიგვაჩნია. რაც შეეხება ჩვენს ნაწილს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი სამართლებრივი და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც ჩვენი ინიციატივით აისახება კანონმდებლობაში, არა თუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე სწორი სახელმწიფოებრივი და არა პარტიული, მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები მიიღონ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაფინასების კანონი ასევე სამართლიანია და თუ პარტია საერთოდ უარს აცხადებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე რაიმე ფორმითაც კი, თუნდაც ბოიკოტის შესახებ განცხადებასაც კი არ წერს და თუკი ერთი დღეც, ერთი წუთიც კი არ შემოდის, მას დაფინანსებაც არ უნდა ჰქონდეს, მას არ უნდა მიეცეს ხელფასი და საზოგადოებრივი აზრიც ამას გვეუბნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე განმარტებით, არსებული კანონმდებლობის მიხედვითაც აკრძალულია საარჩევნო კამპანიაში ისეთი პირის მონაწილეობა, რომელიც ცენზს არ აკმაყოფილებს, თუმცა არსებული სანქცია ამის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება ძირითად ოპოზიციურ პარტიას, აქ ალბათ საჭიროა კიდევ ერთხელ იურიდიული განმარტება იმის შესახებ, რომ უკუქცევითი ძალა ამ კანონს ვერ ექნება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ წარსულ დროში რომელიმე პირმა, რომელიც არის ძებნილი ან უცხოეთის მოქალაქე, მონაწილეობა მიიღო წინასაარჩევნო კამპანიაში და ამის გამო მისი პარტია ვერ მოიხსნება რეგისტრაციიდან, ეს შეეხება მომავალს. თუ რომელიმე პარტია ლიდერად აღიარებს და საარჩევნო კამპანიაში შეიყვანს პირს, რომელიც ცენზს ვერ აკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში პარტია მოიხსნება რეგისტრაციიდან.
აქ საუბარია იმაზე, რომ თუ ამ პირს განაჩენი აქვს მისჯილი ან არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“. ხვალ, ზეგ, როცა კანონი შევა ძალაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთა, მასაც შეეხება. ეს შეზღუდვა აქამდეც იყო და პარტიას და მის ლიდერს ეკრძალებოდა აგიტაციაში მონაწილეობა, თუ ის იყო ამ ცენზის ქვეშ, მაგრამ სანქცია ამისთვის იყო არაადეკვატური. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სანქციაზე, თუ კანონის ამ დათქმას არ იზიარებს და არ ასრულებს რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინციიატივები პარტიების გაუქმებასთან და დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.