მამუკა მდინარაძე - სწორი პოზიციაა, მეგობრებს ღიად ვუთხრათ, რომ არაფერი აზიანებს ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში
თუკი ჩვენ რაიმე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და, მეტიც, პირდაპირ, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპის ქვეყნებში. არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ ფაქტები, როდესაც ისინი ხვდებიან უმაღლესი თანამდებობის პირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„როდესაც მწამებელი, წამებაში, რეკეტში მსჯავრდებული და ბრალდებული ადამიანი ხვდება რეფორმატორის სტატუსით უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო სპეკულაციურად თუ მის გარეშე ანტიევროპულობასთან დაკავშირებით.
როდესაც თავად ფაქტს ვხედავთ, ფოტოებს, ვიდეოკადრებს, რომ ადეიშვილი ასეთი მაღალი სტატუსის და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ელაპარაკება, „ვეტინგზე“ თუ ასე შემდეგ, ეს ერთი პრობლემაა და განწყობებს ეს ძალიან აზიანებს; მეორე პრობლემაა რეაქცია ამ საკითხზე. პირიქით შემოგვიბრუნდნენ და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და „ფეიკს“ ვავრცელებდით. რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს ჩვენ მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე, ან სხვა რაღაც დამსწრის სტატუსით იყო, აქ არის მხოლოდ დამსწრის ლოჟაში შეხვედრაზე საუბარი. საუბარია ბევრ სხვა შეხვედრაზე, სადაც ის, როგორც რეფორმატორი იყო წარმოდგენილი; სადაც ის იყო უმაღლესი თანამდებობის პირებთან ოფიციალურად დარეგისტრირებული, დაფიქსირებული პირი.
აქედან გამომდინარე, ვიდრე ვინმე, ჩვენი მეგობარი იქნება, კოლეგა თუ პარტნიორი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, იმას იტყვის, რომ აქ „ფეიკები“ ვრცელდება, და ვიდრე ცხრა ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც მართლაც არის დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან მიმართებაში განსაკუთრებით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია, ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.