მამუკა მდინარაძე - სუს-მა რამდენიმე დღის წინ რაც თქვა, ნახევარი უკვე გამართლდა, არ დავუშვებთ ძალადობრივ და სისხლიან რევოლუციას, სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს
მამუკა მდინარაძე - სუს-მა რამდენიმე დღის წინ რაც თქვა, ნახევარი უკვე გამართლდა, არ დავუშვებთ ძალადობრივ და სისხლიან რევოლუციას, სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს

სუს-მა რამდენიმე დღის წინ რაც თქვა, ნახევარი უკვე გამართლდა, მეორე ნახევარი ამის შესრულებაა, რასაც არ დავუშვებთ. სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს, არ დავუშვებთ, საქართველოში მოხდეს ძალადობრივი და სისხლიანი რევოლუცია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მეგობრებმა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე ვითომ კრიტიკული მედია და ოპოზიცია ღლიცინებდა, თუმცა უცებ, გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ყველა ის დეტალი დაადასტურა, რაზეც სუს-ი საუბრობდა. ოპოზიცია ისე დაალაგებს ხოლმე მესიჯს, თითქოს ფაქტი არ მომხდარა. გუშინ ვნახეთ ჩვენი მეგობრის, პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის საელჩოს განცხადება, სადაც ეწერა, რომ „კანვასის“ წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაატარეს ბავშვთა ონკოლოგიასა და ხანდაზმულთა ადვოკატირებასთან დაკავშირებით. ალბათ ამაზეც კომენტარი ზედმეტია. მგონი, მეგობრებმა თანასწორად უნდა გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და თუ ერთმანეთს თეთრზე შავს ვეტყვით, დამატებითი განმარტებები უნდა მოვთხოვოთ. ვის დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბავშვთა ონკოლოგიასა და ხანდაზმულთა ადვოკატირებაზე იყო საუბარი? რევოლუციებზე რომ იყო საუბარი, ამაში ხომ დავრწმუნდით? რამდენიმე დღის წინ რაც სუს-მა თქვა, იმის ნახევარი უკვე გამართლდა და სწორი იყო. მეორე ნახევარი ამის შესრულებაა, რასაც არ დავუშვებთ. სახელმწიფო ასეთ დანაშაულებს ჩანასახშივე აღკვეთს ხოლმე და არ დავუშვებთ, რომ საქართველოში მოხდეს ძალადობრივი და სისხლიანი რევოლუცია. ისმის ხოლმე კითხვა, მაშინ რატომ არ იჭერთ, რატომ გაუშვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ? ლაპარაკისთვის მსოფლიოში არავინ არავის იჭერს, ვიდრე განზრახვა მომზადების ეტაპზე მაინც არ გადავა. ადამიანებმა ყაჩაღობა რომ გადაწყვიტონ, ვიდრე იარაღს, ნიღაბს და ა.შ. არ შეიძენენ და მომზადების ეტაპზე არ გადავლენ, მანამდე ადამიანს ვერ დასჯი და დააკავებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის შეფასებით, ტრენინგს ვინც ატარებდა, ეს ადამიანები გარე ძალების მიერ არიან მართული.

„პარლამენტში რადიკალური ოპოზიცია რომ ზის, ესენი თავისით არაფრის გადამწყვეტი არ არიან, რა დავალებასაც მიიღებენ, იმას ახმოვანებენ ხოლმე. გუშინ შუადღემდე მესიჯი ვერ გაახმოვანეს, რადგან არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. მესიჯებში არეულები იყვნენ და საღამოს ცოტა გაასწორეს. როგორც მივხვდი, მესიჯი გაასწორეს, აბდაუბდა იყო, მაგრამ მაინც შეეცადნენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

ამასთან, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“.