მამუკა მდინარაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება
ჩვენ ამ პარტიებს ისედაც ერთ პარტიად მოვიხსენიებთ. ასეთი პარტიები რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებასა“ და მოძრაობა „დროას“ ალიანსში შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად არსებობს ერთი პარტია – „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ.
„მიზანი და საფუძველი ამ გადაწყვეტილების, ჩემი აზრით, ის იყო, რომ მაინც ერთად, ერთ პლატფორმაზე არიან, მაინც „ნაცმოძრაობაში“ არიან და „ნაცმოძრაობის“ საქმეს აკეთებენ, დავალებებს ასრულებენ, მათ გადაწყვიტეს ბარემ ერთად იმოქმედონ. არც „ლელო“, არც „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც „დროა“ არც ზურა ჯაფარიძე-„გირჩი“, რეალურად არ არსებობს ასეთი პარტია, არსებობს ერთი „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ესენი ცალკე იქნებიან, ერთად იქნებიან თუ ა.შ. ისინი არიან ერთნი და აკეთებენ ერთ საქმეს, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. ქვეყნის შიგნით რასაც ისინი აკეთებენ, ვერაფრით ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, „სიარარსის“ და „ენდიაის“ კვლევამაც აჩვენა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. „სიარარსის“ კვლევაშიც კი ყველა ამ პარტიის ერთად აღებულზე მეტი გვაქვს რეიტინგი. ქვეყნის შიგნით მათი ამ ქმედებების შედეგი ის არის, რომ „ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ისინი აზიანებენ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ეს არის ქვეყნის მტრობა და უსამშობლოობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელიც ხალხს მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს, თუმცა „ეს გაერთიანება კოალიცია ვერ იქნება“. „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კი განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება“.