მამუკა მდინარაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს აქვს მყარი საფუძველი, ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება მოსთხოვოს, რაც დეოკუპაციისთვის არის საჭირო
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც სიმართლეა, მთავარი არგუმენტი და სიმართლე ჭრის, იქ იმარჯვებს საქართველო, მათ შორის ოკუპანტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან საქართველოს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს, რომ ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისთვის მნიშვნელოვანია.
„დღეს, საქართველომ გრძელვადიანი, სამართლებრივი ომი მოიგო რუსეთის წინააღმდეგ და დიდი ხნის შრომის შედეგი ნამდვილად დაფასდა, რისთვისაც მადლობა ყველა იმ ადამიანს უნდა გადავუხადოთ, ვინც ამ შრომაში იყო ჩართული და ერთ-ერთი მათგანი თეა წულუკიანია. დღეიდან საქართველოს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს, ყველა იმ თემაზე ისაუბროს, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისთვის. საქართველოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მყარი საფუძველი აქვს, ოკუპანტ ქვეყანას სამართლებრივად ყველა იმ ქმედების განხორციელება მოსთხოვოს, რომელიც საჭიროა საქართველოს დეოკუპაციისთვის – დაწყებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენიდან, დამთავრებული თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში სამხედრო ძალებისა და შენაერთების გაყვანით საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველოს ისტორიაში ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება, ეს ერთ-ერთი მყარი გამარჯვებაა ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.