მამუკა მდინარაძე - სტატუსზე თუ ისევ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, შეიძლება, იეჭვო, ხომ არ გვაქვს სახეზე შეცდომა, რომლის წყალობითაც ვიღაც შეიძლება, უბიძგებდეს საქართველოს, რუსეთს შერჩეს საჯიჯგნად
სამართლიანი გადაწყვეტილება თუ იქნება, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გააგრძელებს სვლას ევროპისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„საქართველო შარშანაც იმსახურებდა ამას. დავანებოთ თავი იმას, რომ დსთ-ს ქვეყანამ მიიღო სტატუსი. წარმოუდგენელია ამ ფონზე საქართველოს რეალური პროგრესი არ შენიშნო, ვერ შენიშნო, არ შეაფასო, სწორად არ შეაფასო. აქედან გამომდინარე, თუკი სამართლიანი შეფასება ექნება პროფესორს სტუდენტის მიმართ, მაშინ სტუდენტი მიიღებს დამსახურებულ ქულას და დამსახურებულად გადავა შემდეგ კურსზე, საქართველოც დამსახურებულად მიიღებს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს. ხოლო თუ იქნება ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სხვა, არაობიექტური გარემოებებით იქნება მიღებული და ამ გარემოებებზე არ გავაგრძელებ საუბარს, ისევ სახეზე გვექნება ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველო ჭეშმარიტად დადის ევროპულ გზაზე და თუ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, სამართლიან დამოკიდებულებას. საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველო რეალურად, ჭეშმარიტად დადის ევროპულ გზაზე და ევროინტეგრაციისთვის იბრძვის. საქართველო არის წარჩინებული ამ მიმართულებით. თუკი იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ხოლო თუ ისევ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, ისევ არაობიეტური დამოკიდებულება იქნება ამ მიმართულებით, მაშინ შეიძლება, იმაზეც კი იეჭვიანო ადამიანმა, ხომ არ გვაქვს სახეზე რაღაც შეცდომა, რომელი შეცდომის წყალობითაც ვიღაც შეიძლება, უბიძგებდეს კიდევაც საქართველოს იქით, რომ რუსეთს შერჩეს ეს ქვეყანა ხელში საჯიჯგნად. ასე არ უნდა მოიქცეს არავინ, რადგან სამართლიანი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ამ ქვეყნის ევროპულობას, ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრობას, ღირსებით, ტრადიციებით, ქრისტიანობით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით და არა ამის გარეშე, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია ჩვენს ოპოზიციაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.