მამუკა მდინარაძე - სტატუსის მიღების შანსები რადგან გაიზარდა, ძალადობრივი რევოლუციის გეგმები ვერ განხორციელდება, ამიტომ მანიფესტაციების შესახებ კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობა აღარ არის
მამუკა მდინარაძე - სტატუსის მიღების შანსები რადგან გაიზარდა, ძალადობრივი რევოლუციის გეგმები ვერ განხორციელდება, ამიტომ მანიფესტაციების შესახებ კანონის სწრაფად მიღების აუცილებლობა აღარ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვინაიდან გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ვერ განახორციელებენ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ.

მდინარაძის თქმით, აქედან გამომდინარე, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ძალაში სწრაფად შესვლის აუცილებლობა აღარ დგას. მდინარაძის განმარტებით, კანონზე პრეზიდენტის ვეტო დასაძლევია, რადგან არავინ იცის, მომავალში რა გამოწვევები იქნება და კიდევ რა მავნებლობას მოიფიქრებენ.

„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, როდესაც „კანვასის“ ლიდერების მიერ ჩატარებული ტრენინგები ვნახეთ. თუმცა, ვინაიდან ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები, ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ვერ განახორციელებენ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ. ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ ვმალავთ ამას, მართლაც მიბმული იყო თემაზე, რადგან ნახევარზე მეტი ფაქტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე იყო მოტანილი, ერთ კვირაში დადასტურდა. საბედნიეროდ, მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება, რადგან ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და ამით ძალიან შეშფოთებული არიან ჩვენი ძვირფასი ოპონენტები, ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის. თუმცა, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ კიდევ, ეს კაცმა არ იცის. როდესაც საუბარია, რომ მაინც და მაინც უნდა დაუჭიროს ვიღაცამ მხარი იმას, რომ კარვები დადგან რაღაც მოტივით და ააფეთქონ ადამიანები, მგონი, ეს ყველას დასაპრევენცირებელია. არა მხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ. ხალხის აფეთქების და ისეთი მსხვერპლის წინააღმდეგ, მათ რომ უნდათ, არამხოლოდ ჩვენ, თქვენც უნდა ზრუნავდეთ, ეს ყველას ვალდებულებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.