მამუკა მდინარაძე - სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, არ დავესწრებით
სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც კი, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მიიწეროს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მმართველი გუნდი არ დაესწრება.
„კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სპექტაკლს, რომელსაც სათაურად ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლი და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით. არც მონაწილეობას მივიღებთ მასში, რადგან ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც კი, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მიიწეროს. წარმოუდგენელი ამბავია. არამხოლოდ არ თქვა, ეს ბევრმა ოპოზიციონერმა გააკეთა. ართქმა თითქმის ყველა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლისგან წამოვიდა, მაგრამ ქალბატონმა სალომემ არათუ არ თქვა, რაც იყო სიმართლე და არის სიმართლე, ეს რამდენიმე დღეში დადასტურდება, პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და არც წელს ვიმსახურებთო. უფრო მეტი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინაშე ვერ წარმომიდგენია. ასეთ უმნიშვნელოვანეს დროს მთავარ თემას ასე დაარტყა, უფრო მეტი რითი შეიძლება დააზიანო საკუთარი ქვეყანა, როდესაც უკვე იცი, ევროპა, მთლიანი ევროკავშირი განწყობილია, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ამის ფონზეც კი სალომე ზურაბიშვილმა არ თქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და პირიქით, დარჩა იმ სიტყვებზე, რომლის მიხედვითაც, არც შარშან ვიმსახურებდით და არც წელს. ყველაზე მნიშვნელოვან, მტკივნეულ წერტილში, მტკივნეული იმდენად, რამდენადაც ეს არის დაბრალება, რომ არ ვიმსახურებდით, რომელ ადგილას შეიძლებოდა უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა საქართველოსთვის მის პრეზიდენტად წოდებულს, ალბათ ვერ მეტყვით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვას, მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს.
„რასაც ახლა ის აკეთებს, თავისი სახელი უკვე დაერქვა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. საქართველოს ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, კონსტიტუციის მთავარი გარანტი რომ უნდა ყოფილიყო, უკაცრავად და, თავზე გადაიხია საქართველოს კონსტიტუცია ისე, რომ არც დაფიქრდა და მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ეს ქმედება არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, აგრძელებს იმავეს, მაგრამ მთავარია, რომ ამის შესახებ ჩვენი მხრიდან მყარად იყო დაფიქსირებული, სახელი დავარქვით და, შესაბამისად, მას იმგვარი ლეგიტიმაცია, როგორც ზოგადად აქვთ პრეზიდენტებს, აღარ აქვს. საბედნიეროდ, ეს გვშველის გარკვეულ საკითხებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.