მამუკა მდინარაძე - სპეკულაციაა ელიტურ კორუფციაზე საუბარი, ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ინდექსში წინ წაიწია და ახლა ვაპირებთ, მსოფლიოს პირველ ათეულში აღმოვჩნდეთ
მამუკა მდინარაძე - სპეკულაციაა ელიტურ კორუფციაზე საუბარი, ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ინდექსში წინ წაიწია და ახლა ვაპირებთ, მსოფლიოს პირველ ათეულში აღმოვჩნდეთ

სპეკულაციაა ელიტური კორუფციის მასშტაბებზე საუბარი, რაღაც მასშტაბის კორუფცია ყველა ქვეყანაშია და ამას თანამედროვე მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ჩვენც ვებრძვით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კორუფცია ყველა ქვეყანაშია და, სამწუხაროდ, რაღაც ხარისხით საქართველოშიც არის.

„ელიტური კორუფცია „ნაცებისთვის“ დამახასიათებელი ნიშანია. მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში მოდიოდნენ, მაშინ მასის კორუფცია იყო. მაშინ ეს ცხოვრების წესი იყო. შემდეგ საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის ადამიანებს სასტიკად სჯიდნენ, მაგრამ შემდეგ ბიუჯეტიდან თანხებს თავად იპარავდნენ და ეს იყო ელიტური კორუფცია. ახლა არსებობს კორუფცია, რომელიც არც ერთ და არც მეორენაირ სახეობას არ წარმოადგენს და რომელიც მილევად რეჟიმშია. ანუ, ყველა მონაცემებით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით წინ წავიწიეთ. ამიტომ სპეკულაციაა ელიტური კორუფციის მასშტაბებზე საუბარი. ეს არის მოგონილი. როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც არის კორუფცია. თორემ, სხვა შემთხვევაში, საკრებულოს წევრები და მერის მოადგილეები დაკავებულები არ იქნებოდნენ. რაღაც მასშტაბის კორუფცია ყველა ქვეყანაშია და ამას თანამედროვე მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ჩვენც ვებრძვით. ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ინდექსში წინ წაიწია და ახლა ვაპირებთ, მსოფლიოს პირველ ათეულში აღმოვჩნდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. დიახ, ამასთან დაკავშირებით თამამი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ახლა, ამ პირობებში არ ვეთანხმები, რომ მინისტრებს ოთხი ათასი ლარი ხელფასი ჰქონდეთ. ადამიანები, რომლებიც მილიარდობით ლარს განკარგავენ, მათ ოთხი ათასი ლარი ხელფასი არ უნდა ჰქონდეთ. ამ
შემთხვევაში, შეიძლება, კორუფციის რისკები გაიზარდოს და კერძო სექტორს კონკურენცია ვერ გაუწიოს, სადაც ხელფასები გაცილებით მაღალია. საჯარო თანამდებობის პირს საშუალება უნდა მივცეთ, ისეთი ხელფასი მაინც ჰქონდეს, თავში კორუფციაზე აზრად არაფერი გაივლოს. გმირობაა, როცა ადამიანები კორუფციას ებრძვიან და ხელფასი ოთხი ათასი ლარი აქვთ. მართლა გმირები არიან. ვინც კორუფციას ებრძვის და ოთხი ათასი ლარი აქვს ხელფასი, გმირია. თქვენ ამის გაშარჟებას დაიწყებთ. ისეთ თემებს წევთ, რომელიც გაღმა შედავებაა. ხაზარაძე ვის ედავება? ახალი პროგრამა ჰქონდა, სახლი არ მიატოვოო. ჯერ თქვა, მევახშეობა აკრძალეთო და ახლა სახლი არ მიატოვოთო“, – განაცხადა მდინარაძემ.