მამუკა მდინარაძე - სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილის არაერთი სტატუსი ვნახეთ, რაც მოგვასწავებდა, რომ ის ვერ და არ იქნებოდა „ქართულ ოცნებაში“
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილის არაერთი სტატუსი ვნახეთ, რაც მოგვასწავებდა, რომ ის ვერ და არ იქნებოდა „ქართულ ოცნებაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან გინდათ, რომ „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც პარლამენტში იყო და რაც რამდენიმე ადამიანის წასვლით შემოიფარგლა. რამდენიმე თვით ადრე სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილის არაერთი სტატუსი ვნახეთ, რაც იმას მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა „ქართულ ოცნებაში“. აქედან გამომდინარე, ახალი არაფერია და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არის პერსპექტიული, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, მათ შორის არის მწვავე გამოწვევებიც.
„ამ პრობლემებისა და გამოწვევების ადეკვატურად ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ და ვფიქრობთ. „ქართული ოცნება“ ბევრ რამეს აკეთებს, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრასა და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები რეალური საქმეა. გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც ადეკვატური იმ საუბრებთან არ იყო, რაც ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისტერიას, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული.
„პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერია, არამედ საქმეზე ორიენტირება და საგნობრივი კონკრეტული კამათი და გადაჭრის გზების ძიება. თუ ღირებულებების აცდენაა ადამიანზე, დემოკრატიასა ხალხის გაჭირვებაზე ორიენტირება, ასევე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ასევე თუ ღირებულებებზე აცდენაა სიცრუესა და პოპულიზმთან დაპირისპირება და ქვეყანაზე რეალურად ზრუნვა, მაშინ შეგვიძლია, ასეც ვთქვათ, მაგრამ როცა ერთ მხარეს რეალური ზრუნვაა დემოკრატიაზე, ადამიანის გაჭირვებასა და მისი აღმოფხვრის გზებზე, ხოლო მეორე მხარეს პოპულისტური განცხადებები და სიცრუე გვაქვს, მაშინ ვფიქრობ, ღირებულებების აცდენაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნებისა“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადეს.