მამუკა მდინარაძე - სხვა დროა და სხვა სიმართლე არსებობს, რევოლუციას, მით უმეტეს ტყუილით, ვერ მოახდენ
მამუკა მდინარაძე - სხვა დროა და სხვა სიმართლე არსებობს, რევოლუციას, მით უმეტეს ტყუილით, ვერ მოახდენ

ოპოზიცია საუბრობდა მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებაზე. როცა თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ, ახლა დაიწყეს საუბარი ლეგიტიმურ ძალადობაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ და ახლა ცდილობენ, ჩიხიდან გამოსავალი ნახონ ძალადობაში.

„ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები – ძალადობა და ძალადობას დაემატა ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს, შეიძლება, „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. როგორც იტყვიან, ყველა კარტი გაიხსნა. ოპოზიციის საუბრის მთავარი საყრდენი იყო „გაყალბებული არჩევნები” და აღმოჩნდა, რომ თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული. ეს იყო სენსაცია და ამას გავიხსენებთ, როგორც ერთ-ერთ სკანდალურ და ცუდ მოვლენას. ოპოზიცია საუბრობდა მშვიდობიან ფორმებზე, მოლაპარაკებაზე და ა.შ. როცა თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ, ახლა დაიწყეს საუბარი ლეგიტიმურ ძალადობაზე და ამის „გაპრავებით” არიან დაკავებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მათი მხრიდან საუბარია ძალადობაზე. ლეგიტიმური ძალადობა რას ნიშნავს, ჯერ არ გამიგია. ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ოპოზიციის „ვორდინგში” ტერმინები გაჩნდა – „ლეგიტიმური ძალადობა“, „რევოლუცია“. გიგა ბოკერიამ „მსხვერპლიც“ ახსენა. თავიანთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ და ახლა ცდილობენ, რომ ჩიხიდან გამოსავალი ნახონ ძალადობაში. ამ ძალადობას აანონსებენ, მაგრამ წლები ერევათ და ვერ ხვდებიან, რომ როცა აღმოჩნდება, რომ არჩევნები კი არაა გაყალბებული, არამედ ე.წ. პივიტი, ეს ქვეყნის უახლოესი ისტორიაა და უკან უნდა დაიხიო, მიხვდე, რა გააკეთე და საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მიიღო მონაწილეობა. ამის ნაცვლად, ძალადობას აანონსებენ. ეს ამ ქვეყანაში აღარ გავა, კი არ ვიმუქრები, ობიექტური მოცემულობაა. სხვა დროა და სხვა სიმართლე არსებობს. რევოლუციას, მით უმეტეს ტყუილით, ვერ მოახდენ“, – განაცხადა მდინარაძემ.