მამუკა მდინარაძე - სჯობს, სახალხო დამცველის საკითხზე ოპოზიციამ სპეკულაციებს თავი დაანებოს და ულტიმატუმების ენას გაეშვას
მამუკა მდინარაძე - სჯობს, სახალხო დამცველის საკითხზე ოპოზიციამ სპეკულაციებს თავი დაანებოს და ულტიმატუმების ენას გაეშვას

ოპოზიციასთან ერთად რვა კანდიდატამდე ჩამოვედით, სხვების გამორიცხვის პრინციპით. ვთქვით, რომ ამ რვიდან ის კანდიდატები გამოვრიცხოთ, რომლებიც ვერასდროს იქნებიან პოლიტიკურად მიუკერძოებლები. შესაბამისად, პოლიტიკური მიუკერძოებლობა არის მთავარი საკითხი, რაც კანდიდატის განხილვის დროს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის საკითხზე, სჯობს, ოპოზიციამ სპეკულაციებს თავი დაანებოს.

„მხოლოდ ხუთი კანდიდატი დარჩა – მათ ამოირჩიონ. შემდეგ ვიმსჯელებთ. სჯობს, ოპოზიციამ სპეკულაციებს თავი დაანებოს და ულტიმატუმების ენას გაეშვას. ჩვენი კანდიდატები არ არიან ეს ადამიანები, ისინი გამორიცხვის მეთოდით დარჩნენ. თეორიული შანსია, რომ მათგან ერთს მხარი დავუჭიროთ და საჭიროა, ოპოზიცია რეალობას მოერგოს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და ხუთივე კანდიდატი ხელისუფლების კანდიდატებად არ მონათლონ, თქვან, ვის უჭერენ მხარს. ეს ყველაფერი ევრორეკომენდაციის შესრულებას ხელს შეუწყობს. კანდიდატი, რომელიც ადამიანებს იმ აქციაზე მისვლისკენ მიუწოდებდნენ, სადაც მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო, ეს ადამიანი სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩვენთვის იაგო ხვიჩიაზე საუბარი გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რადგან ჩვენი კოლეგაა და ერთად საკანონმდებლო საქმიანობას ვეწევით, თუმცა შეუძლებელია, პოლიტიკურად მიუკერძოებელი იყოს, რადგან პარტიის ლიდერია. მის შემთხვევაში ეს არგუმენტია. გამორიცხვის მეთოდით რვა კანდიდატზე შევჯერდით, რომელთაგან სამ კანდიდატს ფაქტობრივი მოცემულობა უფიქსირდება პოლიტიკური მიკერძოების და ხუთი კანდიდატი დარჩა. ახლა საკითხის ისე შემოტრიალება, რომ ესენი არიან ჩვენი კანდიდატები, ცარიელი სპეკულაციაა, რადგან ხუთი კანდიდატი გამორიცხვის მეთოდით დავტოვეთ და ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. ვინაიდან მათ არ უნდათ რეალობაზე მორგება, ახლა ახალ ცრუ ნარატივებსა და ბრალდებებს ქმნიან“, – განაცხადა მდინარაძემ.